GDI-მ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ. პორნოგრაფიის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა

GDI-მ საქმეზე "საქართველოს მოქალქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარუდგინა.

მოსარჩელე სადავოდ ხდის სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას  პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონო გავრცელების ან რეკლამირებისთვის, აგრეთვე გაყიდვის ან გავრცელების მიზნით ასეთი საგნით ვაჭრობის ან/და შენახვისათვის.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილულია პორნოგრაფიულ ნაწარმოებებთან დაკავშირებული რეგულაციები სხვადასხვა იურისდიქციაში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, გერმანია, ნიდერლანდების სამეფო, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებულ შტატები), ასევე „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცის მიზნები და ის ვალდებულებები, რომელიც საქართველოს, როგორც ხელშემკვრელ ქვეყანას ეკისრება.  ამასთან, გაანალიზებულია პორნოგრაფიულ დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლები და მათში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ისტორია.

სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში განხილულია ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებები საქართველოს  კონსტიტუციის მე-17 მუხლთან (კონსტიტუციის ძველი რედაქციის 24-ე მუხლთან) დაკავშირებით, კერძოდ გამოხატვის თავისუფლების დაცული სფერო და მისი შეზღუდვის ფარგლები. ამასთან გაანალიზებულია სადავო ნორმის პრობლემატურობა გამოხატვის თავისუფლების ჭრილში.

განხორციელებული კვლევის შედეგად გამოვლინდა შემდეგი:

  • სხვადასხვა სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში პორნოგრაფიული შინაარსის შემცველი ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების თუ პორნოგრაფიული ხასიათის მქონე საგნის დამზადება და გავრცელება ექვემდებარება საკანონმდებლო რეგულირებებს, მათ შორის, ამგვარ ქმედებათა გარკვეული კატეგორია სისხლისსამართლებრივი წესით არის დასჯადი. თუმცა სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოები ალტერნატიულად ან კუმულატიურად მიმართავენ ორ ხერხს: 1. განმარტავენ პორნოგრაფიის ზოგად ცნებას; 2. დეტალურად აღწერენ პორნოგრაფიული შინაარსის შემცველი ინფორმაციის აკრძალულ კატეგორიებს და იმ გარემოებებს, რომელთა ფარგლებშიც, მათი გავრცელება დამზადება და რეკლამირება არის აკრძალული. 

ამის საპირისპიროდ, საქართველოში დღეს არსებული მოწესრიგებით, არც პორნოგრაფიის        ნორმატიული განმარტება მოიპოვება საკანონმდებლო ბაზაში და არც მისი გავრცელების/ფლობის/შესყიდვის კანონიერი ან მართლსაწინააღმდეგო შემთხვევებია დეტალიზირებული.

  • როგორც წესი  დაცვის მაღალი, შეიძლება ითქვას, უნივერსალური ხარისხით, სარგებლობენ არასრულსწლოვნები: 1. აკრძალულია, როგორც არასრულწლოვანთა პორნოგრაფია 2. ასევე პორნოგრაფიულ მასალაზე არასრულწლოვანთათვის ხელმისაწვდომობის შექმნა. ამდენად, პორნოგრაფიულ ნაწარმოების დამზადება-გავრცელებაზე დაწესებული შეზღუდვები მიმართულია სწორედ არასრულწლოვანთა დაცვისკენ, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში ე.წ. დატყვევებული აუდიტორიისაკენს.

აღნიშნულისგან განსხვავებით, სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლი არ იძლევა შინაარსობრივი დევიაციის საშუალებას პორნოგრაფიული მასალის კატეგორიზაციასთან დაკავშირებით (პირველი ნაწილი შინაარსობრივად მეორე ნაწილსაც ფარავს, სხვაობა სანქციაშია, დისპოზიციათა კატეგორიული გამიჯვნა ვერ ხერხდება). მაშინ, როდესაც ზემოთ განხილულ იურისდიქცეიებში  აკრძალულ პორნოგრაფიულ კატეგორიათა რიცხვს განეკუთვნება არა ნებისმიერი პორნოგრაფია, არამედ ძალადობის შემცველი, ზოოფილური და პედოფილური ქცევის ამსახველი, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ღირსებისა და პატივის შემლახველი სექსუალური სცენები.

  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ანალიზიდან და მასში განხორციელებული ცვლილებებიდან იკვეთება, რომ არასრუწლოვანთა დასაცავად ვიწროდ მიზანმიმართულ ნორმებს 255-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილი, ისევე როგორც 255 პრიმა და სეკუნდა მუხლები წარმოადგენენ და არა 255-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ზოგადი ხასიათისაა და მოზიარებს ნებისმიერი სახის (ანუ არამხოლოდ არასრუწლოვანის გამოსახულების შემცველ) პორნოგრაფიულ ნაწარმოებს. ამდენად, საკუთრივ სსკ-ს  255-ე მუხლის პირველი ნაწილის დაცვის ობიექტს საზოგადოებრივი ზნეობა წარმოადგენს.

  • სადავო ნორმით ხდება ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში და იგი წინააღმდეგობაში მოდის მასთან რამდენიმე მიმართულებით: მათ შორის ნორმის ბუნდოვანების და შესაბამისად კანონის ხარისხის მოთხოვნების დარღვევის (ტერმინები „პორნოგრაფია“ „უკანონოდ“) (1) და  ლეგიტიმური მიზნის არ არსებობის (საზოგადოებრივი მორალის დაცვა არ წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის  ლეგიტიმურ საფუძველს) (2) გამო. ამასთან იგი ქმნის „მუსხავ ეფექტს“ და უფლებაში სახელმწიფოს მხრიდან თვითნებურად ჩარევის მაღალ რისკებს (3).

 

 

 

სასამართლო მეგობრის მოსაზრება მომზადდა “საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი”-ს მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ კვლევაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს “საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი”-ს პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი სასამართლო მეგობრის მოსაზრების შინაარსზე.