GDI-მ საქართველოს პარლამენტს „უარყოფითი დამოკიდებულების“ და „სიძულვილის ენის“ შემცველი პოლიტიკური რეკლამების/სააგიტაციო მასალის აკრძალვასთან დაკავშირებით შენიშვნებით მიმართა

GDI-მ საქართველოს პარლამენტს „ქართული ოცნების“ წევრების მიერ 2021 წლის 13 ოქტომბერს „საქართველოს საარჩევნო კოდექსსა“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტთან და კომპანია „ალმას“ მიერ 2021 წლის 4 ოქტომბერს წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით შენიშვნებით მიმართა.

 

შპს „ალმა“ პარლამენტისგან ითხოვს საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას, რომელიც უზრუნველყოფს „საარჩევნო სფეროში სიძულვილის ენის შემცველი, საზოგადოების პოლარიზაციისა და მასში აგრესიის გამომწვევი, არაეთიკური და შეურაცხმყოფელი პოლიტიკური სარეკლამო ბანერების მუნიციპალიტეტებში განთავსების თავიდან აცილებას“. 12 ოქტომბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დადებითი დასკვნა გასცა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.

 

2021 წლის 13 ოქტომბერს კი, პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, წარმომადგენელმა დეპუტატებმა დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც  საარჩევნო კამპანიისას არჩევნებში მონაწილე სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის გავრცელების აკრძალვას მიემართება. კერძოდ, ავტორთა ინიციატივით, ცვლილებები უნდა შევიდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რომელიც აკრძალავს  ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის ან სააგიტაციო მასალის გავრცელებას, რომელიც „გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად“.

 

GDI-ს მიაჩნია, რომ ინიცირებული კანონპროექტისა და საკანონმდებლო წინადადების კანონად ქცევა გაუმართლებლად შელახავს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას.  საჯარო და პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებში ნებისმიერი ფორმით „ნეგატიური დამოკიდებულების“ გავრცელების აკრძალვა, თუკი იგი არ იწვევს საზოგადოებრივი წესრიგის რღვევის არსებით, აშკარა და მყისიერ საფრთხეს, არ არის ცილისმწამებლური (სამართლებრივი გაგებით) და არ გულისხმობს კონკრეტული პირის პირადი ცხოვრების ან სახელმწიფო საიდუმლოების გასაჯაროებას, გამოხატვის თავისუფლების იმგვარ შინაარსობრივ რეგულირებას წარმოადგენს, რომელიც მორალურად და სამართლებრივად დაუსაბუთებელია. ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები არ მიემართება დაცვის ღირსი ლეგიტიმური მიზნების რეალიზებას და არც არის გამოსადეგი საშუალება დასახული მიზნის მისაღწევად. ამასთანავე, როგორც საკანონმდებლო წინადადების, ისე კანონპროექტის ფარგლებში, უგულებელყოფილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ უფლებრივ სფეროსთან და კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნებთან დაკავშირებით.

 

შედეგად, როგორც კანონპროექტი, ისე საკანონმდებლო წინადადება უარყოფს პოლიტიკური გამოხატვის პრიმატს საჯარო დისკუსიის წარმოების პროცესში, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, ასევე, არ აკმაყოფილებს თანაზომიერების ზოგადკონსტიტუციურ პრინციპსა და კანონის ხარისხის მოთხოვნებს.

 

ამდენად, საქართველოს პარლამენტმა არ უნდა დაუჭიროს მხარი ინიცირებული კანონპროექტისა და საკანონმდებლო წინადადების კანონად ქცევას. კომპანია „ალმასა“ და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრების მიერ წამოჭრილი პრობლემები, თავისი არსით, სოციალურია და, შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ სახელმწიფომ მათ დასაძლევად სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებელი სოციალური კამპანიების გატარება დაისახოს პრიორიტეტად და არა რეპრესიული სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება. იმ სულისკვეთებით გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საზოგადოებაში არსებული კრიტიკული აზრის რაიმე ფორმით შეზღუდვას მიემართება, ეჭვქვეშ აყენებს სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივებს.

 

შენიშვნების სრული ვერსია.