ლაზარე გრიგორიადისის ბრალდებასა და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას წინ უსწრებდა პრემიერმინისტრის მხრიდან აქციის მონაწილეთა, მათ შორის, ახალგაზრდების უმკაცრესად დასჯის მუქარა და მათი დემონიზება. ლაზარე გრიგორიადისის დაკავების შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარის მხრიდან გაკეთდა ჰომოფობიური, პროპაგანდისტული განცხადება.
მიგვაჩნია, რომ ლაზარე გრიგორიადისის სისხლის სამართლებრივი დევნა წარმოადგენს ქართული ოცნების პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილსა და პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღს. ხელისუფლების მხრიდან ლაზარეს სისხლისსამართლებრივ დევნას, მათ შორის, შესაძლოა ჰქონდეს აქციაზე მყოფი ახალგაზრდების მიმართ შურისძიების მიზანი.
აღსანიშნავია, რომ დღემდე საგამოძიებო ორგანოების მხრიდან 2023 წლის 7-8 მარტის აქციების დროს სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულების სამართლებრივი შეფასება არ მომხდარა. გამოძიების ფარგლებში არ გამოვლენილან და დასჯილან პოლიციელები არაადამიანური ან/და დამამცირებელი მოპყრობის შესაძლო დანაშაულებზე.