GDI კომუნიკაციების კომისიის მედიამონიტორინგს დააკვირდება

2021 წლის 3 აგვისტოს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო. კომისია განმარტავს, რომ მედიამონიტორინგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად 56 მაუწყებელზე განხორციელდება. მონიტორინგს ევროპის საბჭოს მედიაექსპერტის მიერ გადამზადებული 30-მდე მონიტორი განახორციელებს. ძირითადი კვლევის საგანი იქნება: წინასაარჩევნო რეკლამა, წინასაარჩევნო დებატები, ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები ასევე, წინასაარჩევნო აგიტაცია და საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგები. მედიამონიტორიგნის  თვისებრივ და რაოდენობრივ ანგარიშებს კომუნიკაციების კომისია საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს. მონიტორინგის პროცესი კენჭისყრის დღეს დასრულდება. 

 

აღსანიშნავია, რომ კომისიის მიერ წინა წლებში განხორციელებული მონიტორინგი მწვავედ გააკრიტიკა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR). კერძოდ,  2019 წლის 28 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად მან შეაფასა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი. ანგარიშის თანახმად, კომუნიკაციების კომისია საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისას არ გამოირჩეოდა გამჭირვალობითა და მიუკერძოებლობით. ანგარიშში გაკრიტიკებულია მედიამონიტორინგის შედეგად მედია საშუალებების სანქცირება და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების განხილვის წესიც. ეუთო აღნიშნავს, რომ განხილვები არ ხდებოდა საჯარო სხდომებზე, სადაც მედიებს მიეცემოდათ საკუთარი მოსაზრების წარმოდგენის შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. ყურადღება გამახვილებულია ასევე პოლიტიკური რეკლამის შინაარსის გამო მაუწყებლების წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე.

 

GDI მოუწოდებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გაითვალისწინოს ეუთოს რეკომენდაციები და მედიამონიტორინგის პროცესი  გამჭირვალედ, მიუკერძოებლად და ობიექტურად წარმართოს. ამავდროულად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ კომისიამ გაასაჯაროვოს მონიტორინგის მეთოდოლოგია და შესაბამისი დოკუმენტები, რისი მეშვეობითაც უნდა შეფასდნენ მაუწყებლები. GDI მიადევნებს თვალს კომისიის საქმიანობას ამ მიმართულებით და პროაქტიურად გააკეთებს შესაბამის შეფასებებს.