GDI-ის მორიგი სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში

2022 წლის 07 ივლისს საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ჟურნალისტებისა და აქტივისტების უკანონო ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა.

 

2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. მასალები ათასობით დოკუმენტს აერთიანებდა, რომლებიც ძირითადად სასულიერო პირებს, მათ კავშირებს, სატელეფონო მიმოწერებს, საუბრებს, წარსულ საქმიანობებს და პირადი ცხოვრების სხვა დეტალებს ეხებოდა. ამ მასალებში ასევე აღმოჩნდა ინფორმაცია ჟურნალისტების, აქტივისტების, პოლიტიკოსების, დიპლომატების და მათთან დაკავშირებული პირების საუბრის შესახებ. გავრცელებულ ფაილებში ასახული ინფორმაციის ავთენტურობა დაადასტურეს პოლიტიკურმა ფიგურებმა და ჟურნალისტებმა, მათ შორის, იმ პირებმაც, რომელთა ინტერესებსაც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ იცავს, კერძოდ: ქეთევან ნადიბაიძემ, მარტა ქურასბედიანმა, ნოდარ რუხაძემ, მარიამ გეგუჩაძემ და ნანა ბრეგაძემ.

 

მიგვაჩნია, რომ უკანონო ფარული-მოსმენა მიყურადებით დაირღვა მომჩივანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, გამოხატვის თავისუფლება. გარდა ამისა, გამოძიება არ არის ეფექტიანი, რაც კიდევ უფრო მეტად არღვევს უკანონო მოსმენა-მიყურადების მსხვერპლთა პირადი ცხოვრების, სამართლიანი სასამართლოს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, ხოლო მსხვერპლებს არ უტოვებს შესაძლებლობას, მათი უფლებები ეროვნულ დონეზე ქმედითი სამართლებრივი მექანიზმებით დაიცვან.

 

ვთვლით, რომ საქმემ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს კანონმდებლობის გაუმჯობესებასა და საქართველოში უკანონო მოსმენა მიყურადების პრაქტიკაზე.

 

სარჩელის მომზადება შევძელით საქართველოში ღია საზოგადოების ფონდის მხარდამჭერით. უახლოეს მომავალში, ამავე თემაზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასევე გაიგზავნება სხვა პირთა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრის, თინა ბოკუჩავას, სარჩელი.