საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების შესახებ

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა კიდევ ერთხელ ეხმიანება საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე მოვლენებს, რომელიც შემაშფოთებელია და მიგვაჩნია რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ მიიპყრო საზოგადოების სათანადო ყურადღება.

 

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ რამდენიმე კვირის წინ საჯაროდ განაცხადა იმ პირის ვინაობის შესახებ, რომელიც მისივე განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტრის სახელით აწარმოებდა მასთან მოლაპარაკებას, ხოლო მისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში – მუქარას. აღნიშნულ ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან მყისიერი რეაგირება უნდა მოჰყოლოდა, რაც საზოგადოებისათვის ნათელი გზავნილი იქნებოდა. საზოგადოებას დღემდე არ მიგვიღია ინფორმაცია, თუ რა რეაგირება მოჰყვა აღნიშნულ პროცესს. სამწუხაროდ იუსტიციის მინისტრის მითითებით, აღნიშნული საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ეთხოვა, რაც იმის გათვალისწინებით, რომ სავარაუდო სამართალდამრღვევი თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, გამოძიების მყისიერად და მიუკერძოებლად წარმართვისა და ეფექტურობისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს.

 

მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ფაქტზე როგორც მინიმუმ არასათანადო რეაგირებამ, წაახალისა სხვა პირები განეხორციელებინათ ზემოქმედება საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრებზე. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებზე მმართველი პარტიის წარმომადგენელთა და სხვა პირთა მხრიდან ზემოქმედების მოხდენის შესახებ, რაც მათგან საბჭოს  დატოვების მოთხოვნაში გამოიხატება. სამწუხაროდ, აღნიშნული ფაქტის შესახებაც სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან რაიმე სახის რეაგირებაზე ინფორმაცია კვლავ არ მიგვიღია.

 

ასევე შემაშფოთებელია სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკასა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში აქტიურად ერევა პრემიერ მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კოკა ყანდიაშვილი.

 

საქართველოს კანონმდებლობით საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.

 

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი თანამდებობის პირი და თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა კანონმდებლობით დაუშვებელადაა მიჩნეული.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა მოუწოდებს მთავარ პროკურატურას დაიწყოს წინასწარი გამოძიება ზემოხსენებული ფაქტების შესახებ და გაატაროს მყისიერი ღონისძიებები რათა აღიკვეთოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების მიმართ ყოველგვარი ზემოქმედება, ხოლო პარალელურად დროულად განახორციელოს სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა.

 

ასევე მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს, მათ ლიდერებსა და მხარდამჭერებს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებზე რაიმე სახის ზემოქმედებისაგან, რაც საფრთხეს უქმნის მაუწყებლობის ინსტიტუციურ და სარედაქციო დამოუკიდებლობას.