განცხადება თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევის შესახებ

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, გადასცენ საქმის მასალები თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების გიზო ღლონტის, ნუგზარ კაიშაურის, გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძისა და დავით წიფურიას ადვოკატებს და მისცენ შესაძლებლობა, ისარგებლონ ევროპული კონვენციითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიებით.

 

2014 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დააკავა თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ბრალდებით. 30 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დაცვის მხარეს დღემდე არ გადასცემია ის მასალა, რომლის წარდგენასაც ბრალდების მხარე სასამართლოში მტკიცებულების სახით აპირებს, რის მთავარ მიზეზადაც ბრალდების მხარე საქმის გადაუცემელ მასალებზე დადებულ საიდუმლო გრიფს ასახელებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე მხარეები ვალდებულნი არიან, მისცენ ერთმანეთს იმ ინფორმაციისა და მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც ისინი აპირებენ, ასევე, გადასცენ წერილობითი მტკიცებულებების ასლები. სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა, ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ეს უკანასკნელი აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ იმ მომენტისათვის არსებული მასალის მხარისათვის სრული მოცულობით გადაუცემლობა იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას.

 

ერთადერთი შეზღუდვა, რომელსაც საპროცესო კოდექსი მტკიცებულებების დაცვის მხარისთვის გადაცემასთან დაკავშირებით ითვალისწინებს, არის ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ მტკიცებულებების გადაცემის შეზღუდვა მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ნაწილში და ისიც მხოლოდ წინასასამართლო სხდომამდე.

 

2014 წლის 19 ნოემბერს პროკურატურის წარმომადგენელმა გააკეთა საჯარო განცხადება, რომლის თანახმად პროკურატურა მზად არის და არაერთხელ შესთავაზა დაცვის მხარის წარმომადგენლებს საქმის მასალებს გაეცნონ პროკურატურის შენობაში, მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. თუმცა კანონი მათ პირდაპირ ავალდებულებს მტკიცებულებათა ასლების გადაცემას მაშინ, როცა დაცვის მხარეს სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების გაცნობის მსგავსი ფორმა არ მიაჩნია დაცვის პოზიციის მომზადების საკმარის შესაძლებლობად.

 

ამავდროულად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით (შემდეგში „ევროპული კონვენცია“) გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს მხარეთა თანასწორობის პრინციპს, რაც გულისხმობს იმას, რომ  ყოველ მხარეს უნდა მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც მას არ ჩააყენებს არახელსაყრელ მდგომარეობაში მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით.[1] სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური პრინციპი, ასევე, მოიცავს შეჯიბრებით სამართალწარმოებასაც, რაც ნიშნავს მხარეთა უფლებას, ჰქონდეთ ინფორმაცია და შეხედულების გამოთქმის საშუალება მეორე მხარის მიერ მოპოვებულ ყველა მტკიცებულებაზე.[2]

 

საქმეში - ოჯალანი თურქეთის წინააღმდეგ - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, დაცვის მხარის უფლებების პატივისცემა მოითხოვს, რომ ბრალდებულისა და მისი დამცველის მიმართ დაწესებულმა შეზღუდვებმა სასამართლოს მასალებისადმი ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, არ აღუკვეთოს ბრალდებულს იმის შესაძლებლობა, რომ გაეცნოს ხსენებული საქმის მასალებს სასამართლოს სხდომამდე და ამავდროულად, მიეცეს შესაძლებლობა, რომ წარადგინოს საკუთარი მოსაზრება ადვოკატების მეშვეობით საქმის ზეპირი განხილვისას.[3]

 

გარდა ამისა, საქმეში - ჯესპერსი ბელგიის წინააღმდეგ - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროპული კონვენციის 6 (3 „ბ“) მუხლთან შესაბამისად წაკითხული მხარეთა თანასწორობის პრინციპი, სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების განმახორციელებელ ორგანოებს აკისრებს ვალდებულებას, ბრალდებულს აცნობონ მათ ხელთ არსებული ყველა მასალა, რომელიც შეიძლება დაეხმაროს ამ უკანასკნელს საკუთარი პოზიციის გამყარებაში. საქმეში - ფუშერი საფრანგეთის წინააღმდეგ კი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, ის ფაქტი, რომ პროკურორის გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა საქმის მასალების ხელმისაწვდომობაზე და ამავდროულად, არ მიეცა შესაძლებლობა, დოკუმენტების ასლები გადაეღო და შედეგად, მას არ შეეძლო ადეკვატურად მომზადებულიყო საკუთარი პოზიციის დასაცავად, წარმოადგენდა მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევას.[4]

 

[1]Bulut v. Austria,საჩივრის № 17358/90, 1996 წლის 22 თებერვალი,§ 47; DomboBeheer B.V. v. the Netherlands,საჩივრის № 14448/88, 1993 წლის 27 ოქტომბერი,§ 33; Öcalan v. Turkey, [დიდი პალატა],საჩივრის № 46221/99, 2005 წლის 12 მაისი, §140; De Haes and Gijsels v. Belgium, საჩივრის № 19983/92, 1997 წლის 24 თებერვალი, § 53.

 

[2]Borgers v. Belgium, საჩივრის № 12005/86, 1991 წლის 30 ოქტომბერი, § 24.

 

[3]Öcalan v. Turkey, [დიდი პალატა],საჩივრის № 46221/99, 2005 წლის 12 მაისი, §140.

 

[4]Foucher v. France, საჩივრის № 22209/93, 1997 წლის 18 მარტი.