კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზი

შესავალი და კვლევის მიზანი

2019 წელს მიღებული და 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სატელევიზიო მაუწყებლებს, საკანონმდებლო დონეზე გაუჩნდათ ბავშვთა უფლებების დაცვის დამატებითი ვალდებულებები. კერძოდ, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მაუწყებელი ვალდებული გახდა უზრუნველყოს ბავშვის დაცვა მისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან. მაუწყებელს ასევე დაეკისრა ვალდებულება გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დასადგენად, და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით. ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელებაზე ზედამხედველობის უფლებამოსილება გადაეცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით არაერთი კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა. მათ შორის, კონკრეტულმა მაუწყებლებმა GDI-ს წარმომადგენლობით საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართეს ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით.[1] მათი მტკიცებით, სადავო ნორმები, სხვა საკითხებთან ერთად, ვერ აკმაყოფილებს ნორმის განჭვრეტადობის მოთხოვნებს, და მათთვის შეუძლებელია წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რა ტიპის სატელევიზიო პროდუქციის სატელევიზიო ეთერში გაშვება შეიძლება ჩაითვალოს კანონის დარღვევად. ამავე დროს, მათი შეფასებით, საკანონმდებლო ნორმები მომეტებულ ტვირთს აკისრებს მაუწყებლებს, რითაც ილახება მათი გამოხატვის თავისუფლება. 

საკანონმდებლო დონეზე არსებული ზოგადი, განუჭვრეტადი ნორმების პრობლემას ასევე ამძაფრებს ის გარემოება, რომ ამ დროისთვის არ არსებობს კომუნიკაციების კომისიის მიერ მკვეთრად ჩამოყალიბებული განმარტებები და სტანდარტები კანონით განსაზღვრულ ცნებებთან მიმართებით.

ამ კვლევის ფარგლებში შესწავლილი კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ კომისია თავს არიდებს ზოგადი სტანდარტების ჩამოყალიბებას და ძირითადად შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული გადაწყვეტებით, კონკრეტული სატელევიზიო პროდუქციის ასაკობრივ ჯგუფთან შეუთავსებლობასთან დაკავშირებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებულ გადაწყვეტილებებში კომისია არ მსჯელობს, თუ რატომ ექცევა ან არ ექცევა კონკრეტული სადავო კონტენტი ამა თუ იმ აკრძალული ცნებების კატეგორიაში, არამედ, მკაფიო დასაბუთების გარეშე წყვეტს, არის თუ არა მაუწყებლის მიერ სატელევიზიო ბადეში გაშვებული ესა თუ ის პროგრამა საკანონმდებლო რეგულირებების დამრღვევი. ამგვარი გადაწყვეტილებები ვერ აყალიბებს ზოგად სახელმძღვანელო სტანდარტებს მაუწყებლებისთვის და მათ მომავალშიც გაუჭირდებათ იმის განსაზღვრა, თუ რა ტიპის სატელევიზიო პროდუქციის გაშვებას შეიძლება მოჰყვეს მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობა.   

მიუხედავად ამისა, კვლევის ფარგლებში, მაინც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დეტალურად გაანალიზდეს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და გამოიყოს  ის სტანდარტები, რომლებზეც კომისიამ განმარტებები გააკეთა, იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ამის შესაძლებლობას კომისიის გადაწყვეტილებები იძლევა.

ძირითადი მიგნებები:

როგორც კვლევამ აჩვენა, მარეგულირებელი კომისიის მიერ განხილული 8 საქმე მაუწყებლობის შესახებ კანონით განსაზღვრულ შემდეგ საფუძვლებს შეეხება: 1) ძალადობის ამსახველ სცენებს ახლო ხედით;[2] 2) ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია;[3] 3) სქესობრივი აქტის გრაფიკულ გამოსახულებას;[4] 4) სქესობრივი აქტის სიტყვიერ აღწერას;[5] 5) შეურაცხმყოფელ ლექსიკას;[6] 6) ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს.[7] სხვა საფუძვლებთან მიმართებით კომისიას ჯერჯერობით გადაწყვეტილებები არ მიუღია და, შესაბამისად, ჯერჯერობით არც რაიმე სახის სტანდარტი არსებობს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მარეგულირებელი კომისიის მიერ, უკვე განხილულ საფუძვლებთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზიც ცხადყოფს, რომ კომისიას უჭირს კონკრეტული სტანდარტების ჩამოყალიბება კანონით გათვალისწინებულ ზოგად და, რიგ შემთხვევაში, ბუნდოვან ცნებებთან დაკავშირებით. ამიტომაც, იგი, როგორც წესი, აფასებს კონკრეტულ სადავო სატელევიზიო პროდუქციას და ძირეული დასაბუთების, განმარტების გარეშე წყვეტს,  ექცევა თუ არა სადავო კონტენტი კანონით განსაზღვრულ დეფინიციებში.

მაგალითად, გადაწყვეტილებებში ყურადღება არ არის გამახვილებული და არ არის განმარტებული, თუ რატომ მიეკუთვნებოდა ესა თუ ის სატელევიზიო პროდუქცია კანონით აკრძალულ ცნებებს. არ არის შეფასებული, ზოგადად რას წარმოადგენს, მაგალითად, „სექსუალური სცენის გრაფიკული გამოსახულება“ ან „ძალადობის ამსახველი სცენა ახლო ხედით“, ან „ისეთი ძალადობრივი ან სახიფათო ქმედება, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია“. კომისია  ასევე სათანადოდ არ ასაბუთებს იმას, თუ რატომ არ არის კონკრეტული მასალის აკრძალულ დროს  გაშვება გამართლებული კანონით განსაზღვრული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში. რიგ შემთხვევაში კომისია კანონის ნორმებს განმარტავს ფართოდ ისე, რომ ამ განმარტების ახსნა და დასაბუთება გადაწყვეტილებაში მოცემული არ არის. კანონის განჭვრეტადობის პრობლემასთან ერთად, კომისიის ამგვარი ხარვეზიანი მიდგომა მაუწყებლობებისთვის ართულებს იმის ზუსტად გაგებას, თუ რა ტიპის პროდუქციის გაშვება იზღუდება კანონმდებლობით და წარმოშობს მსუსხავი ეფექტის საფრთხეს მათ გამოხატვის თავისუფლებაზე.

მიუხედავად ამ პრობლემისა, გაანალიზებული გადაწყვეტილებებიდან მაინც იკვეთება გარკვეულ საკითხებზე კომისიის მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტები, რომელთა გამოყოფაც მნიშვნელოვანია, კერძოდ:

  • ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვის საკანონმდებლო ნორმები არ ვრცელდება მაუწყებლის ეთერში გასულ რეკლამებზე

  • კომისიის განმარტებით, დარღვევისთვის გათვალისწინებულ სანქციასთან დაკავშირებით, კანონით მას არ აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, მაუწყებელს მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან გაათავისუფლოს ის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან, არამედ, ვალდებულია გამოიყენოს ჯარიმა კანონით განსაზღვრული ოდენობით

  • კომისია აღიარებს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არ არსებობს ჩამოყალიბებული სტანდარტები და ტელევიზიებს გარკვეული დრო სჭირდებათ ახალ რეგულაციებთან მოსარგებად, ამიტომაც, ყველა საქმეში იყენებს ჯარიმის მინიმალურ ოდენობას - 2500 ლარს, დარღვევის განმეორების შემთხვევაში 5000 ლარს.  

  • კომისიის განმარტებით, შეურაცხმყოფელ ლექსიკად არ ჩაითვლება გამოხატვა, თუ იგი გადაფარულია როგორც ხმოვანი, ისე გრაფიკული საშუალებებით

  • კომისია განმარტავს, რომ 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის კანონი შეუფერებლად მიიჩნევს სექსუალური აქტის, როგორც გრაფიკულ გამოსახულებას, ისე, მის ვერბალურ აღწერასაც

  • თუ პროგრამაში შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება განპირობებულია პროგრამის პერსონაჟის მახასიათებლითა და ნაწარმოების მხატვრული ღირებულებით, იგი შეიძლება გავიდეს ეთერში, გარდა 12 წლამდე პირებისთვის განკუთვნილი შეზღუდული დროითი მონაკვეთისა

  • ბავშვთა მავნე ზეგავლენისგან დამცავი კანონმდებლობა ვრცელდება როგორც პირდაპირ, ისე ჩანაწერის მეშვეობით ეთერში გადაცემულ ტელერადიოპროდუქციაზე და მოიცავს ნებისმიერი ტიპისა და კატეგორიის პროგრამას

  • მაუწყებელი ვალდებულია გაატაროს სათანადო ეფექტიანი და გონივრული ღონისძიებები არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ინფორმაციის ეთერში გავრცელების აღსაკვეთად, როგორც მაუწყებლის წარმომადგენლების (მაგალითად, წამყვანის), ისე მესამე პირების (მაგალითად, რესპონდენტების) მხრიდან. 

 

           ანალიზის სრული ვერსია

 


 

[1]კონსტიტუციური სარჩელი: შპს „მთავარი არხი“, შპს „ტელეკომპანია პირველი“, შპს „ტელეკომპანია კავკასია“, შპს „ფორმულა“, ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთევან დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ- https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=10119

[2] „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტი.

[3] „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტი.

[4] „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი.

[5] „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი.

[6]  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი.

[7]  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის “ლ” ქვეპუნქტი.