“ბანკი ქართუს“ უსაფუძვლო (SLAPP) სარჩელი ტელეკომპანია პირველისა და მის ჟურნალისტების წინააღმდეგ

ოლიგარქ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული “ბანკი ქართუ” თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია პირველისა და მისი ჟურნალისტების,  ნოდარ მელაძისა და მაკა ანდრონიკაშვილის წინააღმდეგ დავობს. “ბანკი ქართუ” ითხოვს ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებული ინფორმაციის ცილისწამებად ცნობასა და შესაბამისი  განცხადებების უარყოფას.

მიგვაჩნია, რომ გავლენიანი პირების მიერ ცილისწამების საფუძვლით მედიის წინააღმდეგ დაწყებული უსაფუძლო დავები საგანგაშო ხასიათს იღებს. ვთვლით, რომ მსგავსი ტენდენცია უნდა შეფასდეს როგორც სასარჩელო მექანიზმის ბოროტად გამოყენება, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების დაშინების გზით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას (ე.წ SLAPP სარჩელები). ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უსაფუძვლო სარჩელების შეტანისა და სასამართლოს მხრიდან მათ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების ტენდენცია ქმნის განსაკუთრებით საშიშ პრეცედენტებს.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას აქცევს მართლმსაჯულების ობიექტად, რაც არსებითად უშლის ხელს მედიის წარმომადგენლების საქმიანობას და ქმნის „მსუსხავ ეფექტს“ გამოხატვის თავისუფლებისათვის.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო გადატვირთულობის გავრცელებული პრობლემის მიუხედავად, სასამართლომ “ბანკი ქართუს” სარჩელის განხილვა უჩვეულოდ სწრაფი ტემპით დაიწყო.  პირველი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 19 მაისს, სარჩელის შეტანიდან 2 თვეში გაიმართება (სხდომის თარიღი შესაგებლის წარდგენიდან 4 დღეში ჩაინიშნა).

სადავოდ გამხდარ ერთ-ერთ სიუჟეტში გაჟღერებულია იმ ადამიანების ისტორიები, ვინც „ბანკი ქართუდან“ სესხი აიღო, ხოლო სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მსესხებლების ნაწილმა ქონება დაკარგა ან გაკოტრების პირას მივიდა. რაც შეეხება სადავოდ გამხდარ მეორე სიუჟეტს, მასში საუბარია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე „ბანკი ქართუს“ დაჯარიმების შესახებ და იმ გარემოებებზე, რაც საფუძვლად დაედო ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას.  

მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტები, ერთი მხრივ, სრულად გადმოსცემდა მსესხებლების მიერ გაზიარებულ ისტორიებს და მათ ურთიერთობას ბანკთან, ხოლო, მეორე მხრივ, ის ეყრდნობოდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მოსარჩელის აზრით, გაჟღერებული ინფორმაცია არის ცილისწამება და ლახავს მის საქმიან რეპუტაციას.

რეალურად, არც სიუჟეტიდან და არც საქმეში არსებული მასალებიდან არ იკვეთება განცხადებების ცილისწამებად დაკვალიფიცირების რომელიმე საფუძველი. მეტიც, სიუჟეტიდან აშკარა ხდება, რომ მასში გაჟღერებულია საჯარო წყაროებში არსებული ინფორმაციისა და რესპოდენტების ისტორიების საფუძველზე გაკეთებული შეფასებები, რომელთა უარყოფის მოთხოვნაც კანონით დაუშვებელია. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა გაჟღერებული ინფორმაციის სიმცდარეზე, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ მოსარჩელის მიზანი არა თავისი უფლებების აღდგენა, არამედ მედიის წარმომადგენლების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უსაფუძვლოდ შეზღუდვაა.

საყურადღებოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოლიგარგთან დაკავშირებული პირები ან ინსტიტუტები მიმართავენ სასამართლოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად. კრიტიკული მედიის წინააღმდეგ დეფამაციურმა სარჩელებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში სისტემური ხასიათი მიიღო, რასაც ხშირ შემთხვევაში საფუძვლად ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული პირების სხვა გავლენიანი პირების წინააღმდეგ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები უდევს. საყურადღებოა, რომ  ასეთი სარჩელის სამიზნეები ძირითადად კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ხდებიან („მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“). მაგალითად, „ტელეკომპანია პირველს“, „ბანკი ქართუს“ გარდა, სასამართლოში უჩივის თბილისის მერი კახა კალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა გავლენიანი პირები.

ასევე, საგანგაშოა საერთო სასამართლოების მიდგომაც SLAPP სარჩელების მიმართ. მოსამართლეები ხშირ შემთხვევაში უგულებელყოფენ იმ საფრთხეებს, რომლებიც თან ახლავს მსგავს დავებს სამოქალაქო ჩართულობისა და საზოგადოებრივი კონტროლისთვის. მოსამართლეები ამ სარჩელებს უჩვეულოდ სწრაფი ტემპით განიხილავენ და აკმაყოფილებენ. მიგვაჩნია, რომ სასამართლოების მსგავსი დამოკიდებულება რიგი მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული - მათ შორის, მართლმსაჯულებაში არსებული სისტემური პრობლემებით.

ტელეკომპანია „პირველისა“ და ჟურნალისტების, ნოდარ მელაძისა და მაკა ანდრონიკაშვილის, ინტერესებს სასამართლოში GDI იცავს.