არაადამიანურ და დამამცირებელ სასჯელს კიდევ ერთმა ადამიანმა თავი დააღწია

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რამდენიმე წუთის წინ, დააკმაყოფილა GDI-ს შუამდგომლობა განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახედ და ზომად დანიშნული 7 წლით თავისუფლების აღკვეთა სრულად გააუქმა და დარბაზიდან გაათავისუფლა.  

 

მსჯავრდებული 2014 წლის განაჩენით სასჯელს იხდიდა ნარკოტიკული დანაშაულისთვის, კერძოდ დეზომორფინის, წონით 0,000338 გრამი, უკანონო შეძენისა და შენახვისთვის. სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის და ექსპერტის პოზიცია, რომ ნარკოტიკული საშუალებების აღნიშნული ოდენობები არ მიეკუთვნებოდა მოხმარებისთვის გამოსადეგ ოდენობას, ხოლო პატიმრობის გამოყენება წარმოადგენდა არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით, არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენებად მიიჩნია და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის შინაარსი, რომელიც პატიმრობის გამოყენებას ითვალისწინებდა მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენისა და შენახვისთვის.

 

GDI მზად არის განაჩენის გადასინჯვაში დაეხმაროს ყველა იმ პირს, ვინც მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის იხდის სასჯელს.