თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რამდენიმე წუთის წინ, დააკმაყოფილა GDI-ს შუამდგომლობა განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახედ და ზომად დანიშნული 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სრულად გააუქმა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
მსჯავრდებული 2018 წლის განაჩენით სასჯელს იხდიდა ნარკოტიკული დანაშაულისთვის, კერძოდ ნარკოტიკული საშუალება მეთადონის წონით - 0.000417 გრამი, ამფეტამინის წონით - 0.002109 გრამის და მეტამფეტამინის წონით - 0.0002202 გრამის, უკანონო შეძენისა და შენახვისთვის. სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის და ექსპერტის პოზიცია, რომ ნარკოტიკული საშუალებების აღნიშნული ოდენობები არ მიეკუთვნებოდა მოხმარებისთვის გამოსადეგ ოდენობას, ხოლო პატიმრობის გამოყენება წარმოადგენდა არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით, არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენებად მიიჩნია და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის შინაარსი, რომელიც პატიმრობის გამოყენებას ითვალისწინებდა მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენისა და შენახვისთვის.
აღსანიშნავია, რომ წინამდებარე საქმეზე სააპელაციო სასამართლომ 260-ე მუხლის მესამე ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობილი შინაარსი, ასევე ამოიკითხა, ამავე მუხლის პირველ ნაწილში. სასამართლომ მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება ვერბალურად მხოლოდ 260-ე მუხლის მესამე ნაწილს ეხება, მან გაიზიარა დაცვის პოზიცია, რომ ნორმის შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, ყველა სხვა ნორმას აცლის ამავე შინაარსს, მიუხედავად იმისა, კონკრეტულ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლო სხვა ნორმათა შინაარსის კონსტიტუციურობაზე მსჯელობს თუ არა.
GDI მზად არის განაჩენის გადასინჯვაში დაეხმაროს ყველა იმ პირს, ვინც მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის იხდის სასჯელს.