23 თებერვალს GDI -იმ გამართა პროექტის „აქტივიზმის სკოლა ლგბტქი+ თემის გაძლიერებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება. პროექტი მიზანად ისახავდა ჰომოფობიისა და დისკრიმინაციის დაძლევაში წვლილის შეტანას და ლგბტქი+ თემის უფლებების დაცვის ხელშეწყობას. პროექტი განხორციელდა თბილისი პრაიდთან თანამშრომლობით, "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინტიტუტის" (IWPR) პროექტის "მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში" (BREN) ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ბრიტანეთის მთავრობის მიერ.
პროექტის ფარგლებში გამართული აქტივიზმის სკოლის მონაწილეებმა ტრენინგებისას მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით, თავად განახორციელეს კამპანიები ლგბტქი+ უფლებების, თანასწორობისა და სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ საგრანტო პროექტების სახით. შეხვედრაზე კი მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები განხორციელებული პროექტების შესახებ. 2 პროექტი „კბილის მოსინჯვა რაჭაში“ და „ჰომოფობიური ბულინგის აღმოფხვრის ხელშეწყობა სკოლებში“ მიმართული იყო ჰომოფობიისა და დისკრიმინაციის შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისაკენ, ხოლო 2 პროექტი - „ქოფირაითინგის კურსები ქვიარებისთვის“ და „თავშესაფარი შენი უფლებაა“ ემსახურებოდა ლგბტქი+ თემის გაძლიერებას.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს პროექტის ფარგლებში მიღებულ თეორიულ ცოდნაზე, პრაქტიკულ გამოცდილებაზე და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ აქტივიზმის ბანაკის მონაწილეები და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.