მიმართვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების პერმანენტულ მისიებს გაეროში

ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ ორგანიზაცინებს, გვსურს, ამ მიმართვის წერილით გთხოვოთ, მხარი დაუჭიროთ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სტატუსის შესახებ” კენჭისყრას 2014 წლის 5 ივნისს.1990-იანი წლების დასაწყისის და 2008 წლის კონფლიქტების შედეგად, თითქმის 500 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და დევნილი ვეღარ უბრუნდება თავის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. სამჯერადი ეთნიკური წმენდის და იძულებით გადაადგილების შემდეგ დროებით თავშესაფრებში შეფარებული იძულებით გადაადგილებული პირები არ კარგავენ თავიანთ სახლებში, უბნებში, ქალაქებსა და სოფლებში დაბრუნების იმედს.

 

ყოველწლიურად იძულებით გადაადგილებული პირების ყურადღება მიპყრობილია ნიუ იორკზე, სადაც გაეროს წევრი სახელმწიფოები გამოხატავენ მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებისადმი მხარდაჭერას. ვიმედოვნებთ, რომ ამ წელს გაეროს კიდევ უფრო მეტი წევრი სახელმწიფო შეძლებს, მხარი დაუჭიროს გაეროს გენერალური ასამბლეის ამ ჰუმანიტარულ და ადამიანზე ორიენტირებულ რეზოლუციას. ყოველი დამატებითი ხმა იმედის დამატებითი ნაპერწკალია მათთვის, ვინც ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი და საყვარელი – საკუთარი სახლი დაკარგა.

 

მართალია, ძალიან კარგად გვესმის, რომ თავისთავად, გაეროს რეზოლუცია დევნილებს სახლებში ვერ დააბრუნებს, თუმცა ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები მხარდაჭერილი იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მთელი მსოფლიო გაერთიანდეს იძულებით გადაადგილებული პირების სახლში დაბრუნების უფლების მხარდასაჭერად, კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის მიუხედავად. სწორედ ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით დასაფასებელია ის ფაქტი, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა, თავის ანგარიშში “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სტატუსის შესახებ”, ხაზგასმით აღნიშნა, რომ “იძულებით გადაადგილებული პირის დაბრუნების უფლება და ამ უფლების განხორციელება არ შეიძლება, პირდაპირ დავუკავშიროთ პოლიტიკურ საკითხებს ან სამშვიდობო შეთანხმებების გაფორმებას.” გვესმის, რომ მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების დადებას შესაძლოა, დიდი დრო დასჭირდეს. მიუხედავად ამისა, თქვენ, გაეროს წევრი სახელმწიფოების პერმანენტულ წარმომადგენლებს, უკვე 5 ივნისს, შეგიძლიათ, რაიმე შეცვალოთ შემოთავასებული რეზოლუციის პროექტისთვის ხმის მიცემით.

 

ჩვენ, ასიათასობით იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად, გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და ვლოცულობთ იმისთვის, რომ ძალიან მალე დადგეს დღე, როდესაც ყველა ადამიანი, რომელმაც ომის ან შეიარაღებული კონფლიქტის გამო  მიატოვა საკუთარი სახლი, შეძლებს თავის ოჯახში, სახლში და საყვარელ სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას.

 

თბილისი, საქართველო

 

04.06.2014

 

ხელმომწერი ორგანიზაციები: