ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო მოძრაობების გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად უკანონოდ მოქმედებს

ვეხმიანებით, ანტიკორუფციული ბიუროსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს რეპრესიულ ქმედებებს სამოქალაქო მოძრაობა, ააიპ “აირჩიე ევროპას” წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, ქართული ოცნების ხელისუფლებიდან წასვლის შესახებ განცხადებების გამო დაიწყოს სამოქალაქო მოძრაობის და მისი დამფუძნებლების პირადი ფინანსური ანგარიშების შემოწმება, არის სრულად უკანონო და წამოადგენს გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის უხეშ და უპრეცენდენტო შემთხვევას.

2024 წლის 6 სექტემბერს სსიპ ანტიკორუფციულმა ბიურომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა ა(ა)იპ „აირჩიე ევროპისგან“ და მათი დამფუძნებლებისგან ფინანსური ინფორმაციის გამოთხოვა აღნიშნული ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ სამოქალაქო აქტივობებთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და ანტიკორუფციულ ბიუროს მისცა ფინანსური ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილება ა(ა)აიპ „აირჩიე ევროპისგან“, მათი დამფუძნებლებისგან და კომერციული ბანკებისგან.

ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა, რომელიც სასამართლომ გაიზიარა ემყარებოდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონს, რომლის თანახმადაც ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია განახორციელოს როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე განცხადებული პოლიტიკური მიზნის მქონე პირთა ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპას“ განიხილავს განცხადებული პოლიტიკური მიზნის მქონე პირად და სურს მისი ფინანსური მონიტორინგის განხორციელება. ამის დასადასტურებლად ანტიკორუფციულმა ბიურომ შუამდგომლობაში მიუთითა „აირჩიე ევროპის“ მიერ განხორციელებულ სამოქალაქო აქტივობების შინაარსზე და მათი დამფუძნებლების საჯარო განცხადებებზე, რომელიც შემდგომში სასამართლომ ისეთ წინასაარჩევნო პოლიტიკურ მოქმედებებად მიიჩნია, რომელიც ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის - ქართული ოცნების მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზანს. 

გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად1, ,,განცხადებული საარჩევნო მიზანი ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი. განცხადება გაკეთებული უნდა იყოს საჯაროდ და მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ.“ ამავე კანონის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო აქტივობის განხორციელების და წინასაარჩევნო აგიტაციის წინააღმდეგ2. მოცემული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, თუ კონკრეტულ პირებს, არ აქვთ საჯაროდ გაკეთებული განაცხადი, რომ არჩევნების გზით სურთ ხელისუფლებაში მოსვლა და ამავდროულად, ეს პირები საჯარო გამოსვლებისას აკეთებენ პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ, ასეთ შემთხვევაში ეს განცხადებები უკავშირდება აღნიშნული პირების გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას, რაც არ უნდა დაექვემდებაროს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებები და სასამართლოს ბრძანება სცდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირებას და უხეშად იჭრება ორგანიზაცია “აირჩიე ევროპას” უფლებებში, ისევე, როგორც არღვევს მისი დამფუძნებლების გამოხატვისა და პირადი ცხოვრების უფლებას.

GDI წარმოადგენს “აირჩიე ევროპას” და მისი დამფუძნებლების ინტერესებს სააპელაციო სასამართლოში და მიგვაჩნია, რომ  

  • ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა შეწყვიტოს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ინტერპრეტაცია და მისი მანდატის რეპრესიისთვის გამოყენება 

  • თბილისის სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ უნდა ცნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანება ორგანიზაცია “აირჩიე ევროპას” და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების შესახებ საბანკო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ.

 

_____________________________________

1 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 პრიმა მუხლი.

2 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი.