“ანტიკორუფციული მოძრაობისა” და მისი წარმომადგენლების მიმართ სასამართლო პროცესი გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება უჩა მამაცაშვილის მიერ ააიპ „ანტიკორუფციული მოძრაობისა“ და მისი წარმომადგენლების, ვასო ურუშაძისა და ლაშა ფარულავას წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა. 

წარდგენილ სარჩელში  ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი სადავოდ ხდის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებს, რომელშიც ისინი უთითებდნენ უჩა მამაცაშვილის სავარაუდო ჩართულობაზე ტრანსნაციონალურ დანაშაულში (ე.წ „ქოლ-ცენტრების“ საქმე) და მის სავარაუდო კავშირზე საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის გაძვირებასთან. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული განცხადებები არის ცილისწამება  და სასამართლოს გზით მოპასუხეებისგან ითხოვს გავრცელებული ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 150 000 ლარის ოდენობით.

6 ივლისს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ უჩა მამაცაშვილის ბიზნეს-პარტნიორი, გურამ ცანავა და ააიპ „ანტიკორუფციული მოძრაობის“ თანადამფუძნებელი, ირაკლი ფავლენიშვილი. აღსანიშავია, რომ გურამ ცანავამ ვერ დაადასტურა უჩა მამაცაშვილის მიერ განცდილი რაიმე რეპუტაციული ზიანი. მან ასევე ვერ დაადასტურა “ანტიკორუფციული მოძრაობის” წარმომადგენლების გაკეთებული განცხადებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იმ წუხილებთან, რომელიც უჩა მამაცაშვილს მის მიმართ საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების შედეგად გაუჩნდა. 

ამავე სხდომაზე მოსამართლემ იმსჯელა „ანტიკორუფციული მოძრაობის“ მიერ დაყენებულ რამდენიმე შუამდგომლობაზე. საყურადღებოა, რომ მოსამართლემ დააკმაყოფილა „საპარტნიორო ფონდიდან“ მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ და გიორგი გიგინეიშვილისა და დავით ბალანჩივაძის მოწმედ დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა, თუმცა მან უარი თქვა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და ყოფილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას მოწმედ გამოძახებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ. ამდენად, სასამართლოს მიდგომა ამ ნაწილში ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია.

შედეგად, შემდეგ სხდომაზე, 12 ივლისს დაიკითხებიან მოქმედი მაღალჩინოსნები და უჩა მამაცაშვილთან დაახლოებული პირები: ზურაბ ნოღაიდელი, დავით ნარმანია, დავით თვალაბეიშვილი, გიორგი გიგინეიშვილი, დავით ბალანჩივაძე და ვახტანგ კარიჭაშვილი. ხოლო სხვა მოწმეების- ლევან ხაბეიშვილის, ნიკა გვარამიას და გიორგი ქობულიას დაკითხვის შესაძლებლობა მოპასუხე მხარეს არ მიეცა. 

საყურადღებოა, რომ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები კვლავ აგრძელებენ ცილისწამების საფუძვლით შეტანილი სარჩელებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მართლმსაჯულების ობიექტად ქცევას, რითაც, ამჯერად არასამთავრობო ორგანიზიის საქმიანობას უქმნიან საფრთხეს. ხოლო სასამართლო, თავის მხრივ, მსგავსი სარჩელების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს და ცდილობს არაორდინალურად სწრაფად,  შემჭიდროებულ ვადებში, განიხილოს უჩა მამაცაშვილის სარჩელი. 

ააიპ „ანტიკორუფციული მოძრაობისა“ და მისი წარმომადგენლების, ვასო ურუშაძისა და ლაშა ფარულავას ინტერესებს სასამართლოში GDI იცავს.