“ალტ-ინფო” პუტინის რუსეთის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს ამართლებს

GDI-ს თავმჯდომარემ, ედუარდ მარიკაშვილმა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ სამართალდამარღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით მიმართა.

მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ მიერ გაკეთებული განცხადებები ემსახურება რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტების გამართლებას და კრიმინალის გაიდეალებას, რაც აკრძალულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით. 

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრისა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის შემდეგ, „ალტ-ინფო“ არაერთ გადაცემაში ცდილობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების უკრაინის შეცდომების შედეგად წარმოჩენას, რაც მის მიერ არჩეულმა პროდასავლურმა გეზმა გამოიწვია. მსგავსი განცხადებებით, “ალტ-ინფო“ ამართლებს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის რესპუბლიკაში ომის, ლეტალური ძალის განურჩევლად გამოყენებისა და ამდენად, ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ “ალტ-ინფოს” მაუწყებლობის მთელი ნარატივი არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამართლება უკრაინის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსის არგუმენტებით. ასევე, სახეზეა ამ კონფლიქტის მთავარი შემოქმედის, ვლადიმერ პუტინისა და მისი ქმედებების გაიდიალება, რითაც ტელეკომპანია ცდილობს რუსეთის აგრესიული სამხედრო ინტერვენციის გამართლებას, ომის დანაშაულებისთვის მორალური საფუძვლის წარმოჩენასა და მის დასაბუთებას.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 2 მარტს დიდი ბრიტანეთის ინიციატივით 39-მა სუვერენულმა სახელმწიფომ, მათ შორის, საქართველომ მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტების გამოძიების დასაწყებად. ამდენად, როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ასევე საქართველოს სუვერენული პოზიციაა, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო აგრესიის ფარგლებში რუსეთის ფედერაცია უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალს და სჩადის ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს.

ამასთან, გარდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა, რუსეთის ფედერაციის ქმედება დანაშაულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 404-413-ე მუხლების მიხედვითაც, რომელიც გულისხმობს დანაშაულებს კაცობრიობის მშვიდობის, უშიშროების წინააღმდეგ და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებს

GDI კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდეს, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე,  საქმე დაჩქარებულად, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განიხილოს.