სიახლეები

28
აპრილი2021

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად

GDI ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მიერ I მოსმენით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების განხილვას, რომელიც ითვალისწინებს სანქციის გამკაცრებას წვრილმან ხულიგნობაზე და სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. მიგვაჩნია, რომ არ არსებობს სანქციის გამკაცრების ლეგიტიმური საფუძველი და მისი ერთადერთი მიზანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.

ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით“. მკაცრდება ამავე კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დაწესებული სანქციაც (სამართალდამცავის ორგანოს წარმომადგენლების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება).

განმარტებით ბარათში ცვლილებების ძირითად მიზეზად დასახელებულია აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენის რაოდენობის ზრდა, რაც ინიციატივის ავტორთა თქმით იმაზე მიუთითებს, რომ არსებული სანქცია არაა ეფექტური სამართალდარღვევის ჩადენის პრევენციისათვის. თუმცა ბარათში არაფერია ნათქვამი იმ შესაძლო მიზეზებზე, რომელიც ამ ტენდენციის მიღმა შეიძლება არსებობდეს და დაკავშირებული იყოს არა მოქალაქეთა მიერ კანონის დარღვევასთან, არამედ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა მიმართ პოლიციელთა მიკერძოებულ რეაგირებასთან.

აღსანიშნავია, რომ დასახელებული ნორმები არის სწორედ ის მუხლები, რომელსაც პოლიცია ყველაზე ხშირად იყენებს საპროტესტო აქციების დროს მანიფესტატორთა დასაკავებლად. შესაბამისად, მათი გამოყენებით ადამიანთა შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებაში თვითნებურად ჩარევის შესაძლებლობა კრიტიკულად მაღალია.

ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ უკვე წლებია ისმის კრიტიკა საბჭოთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებულ სერიოზულ ხარვეზებზე, რაც არღვევს როგორც კონსტიტუციურ ისე საერთაშორისო სტანდარტებს. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავდეს და ახალ, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამის კოდექსს იღებდეს, ის კიდევ უფრო მეტად აღრმავებს ამ შეუსაბამობას და კანონს კრიტიკული აზრის ჩასახშობად იყენებს.

ხაზგასასმელია, ისიც, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან ვალდებულებად აიღო ამ მიმართულებით არსებული მანკიერი პრაქტიკის დაძლევა და როგორც რეპრესიული პოლიტიკის შემცირება, ასევე ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიღება. მაგალითად ევროსასამართლოს მიერ მიღებული ერთ-ერთი გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში  (Kakabadze and Others v. Georgia no. 1484/07, 2 October 2012) მთავრობა მიუთითებდა, რომ ბოლო წლებში ყველაზე მძიმე სახდელი - ადმინისტრაციული პატიმრობა ნაკლებად გამოიყენებოდა და რომ ზოგადად, სასამართლოები უფრო მსუბუქ სანქციებს, ჯარიმებს, აწესებდნენ. თუმცა ამის საპირისპიროდ, 2018 წლის თებერვალში, საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ყველაზე პრობლემურ 166-ე და 173-ე მუხლებში ჯარიმების ოდენობა შესაბამისად (1) 100-დან 500-დან 1000 ლარამდე და (2) 250-2000 ლარიდან 2000-4000 ლარამდე გაზარდა.

აშკარაა, რომ საქართველოში თავისუფლების ხარისხი და უფლებრივი მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება. ამას ადასტურებს არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო აქტორის ანგარიშები და რეიტინგები (Freedom House-ის ანგარიში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში და სხვა). ამის ფონზე მმართველი პარტიის მიერ დაინიცირებული ცვლილება კი ცხადჰყოფს ხელისუფლების რეალურ ზრახვებს, ებრძოლოს კრიტიკულ აზრს საპოლიციო ძალით.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს აღნიშნული ცვლილება და არ შექმნას დამატებითი რეპრესიული მექანიზმი, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეამცირებს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს.

სხვა სიახლეები

არქივი

09 მაისი, 2021

მედიაკოალიცია სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმებს გმობს

05 მაისი, 2021

2019 წლის 19–21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე ფართომასშტაბიანი ამნისტია მნიშვნელოვნად აზიანებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის იდეას

03 მაისი, 2021

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ შეფასება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით

28 აპრილი, 2021

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად