წარმოგიდგენთ GDI-ს მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომლის მიზანია 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის მხრივ არსებული პრობლემებისა და გამოწვევების მოკლე მიმოხილვა. დოკუმენტში განხილულია როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან, ასევე - კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხები.
ქვეყანაში როგორც კონკრეტული კონსტიტუციური უფლებების, ასევე - კანონის უზენაესობის დაცვის ხარისხის ინდიკატორს უპირველესად ინდივიდუალური საქმეები და მოვლენები წარმოადგენს, რომლებშიც ჩანს ხელისუფლების, ერთი მხრივ, ნება და, მეორე მხრივ, უნარი, შეასრულოს კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულებები. დოკუმენტის დიდი ნაწილი სწორედ ინდივიდუალური საქმეების/მოვლენების მიმოხილვას ეთმობა.
2020 წელს საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების ფონზე მომეტებულმა საპროტესტო ტალღამ კიდევ უფრო მეტად დაგვანახა ის პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვის კუთხით არსებობს. თუკი 8 ნოემბერს ხელისუფლებამ ცესკო-სთან გამართული აქციის წყლის ჭავლით დაშლისას არ დაიცვა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და მიმართა არაპროპორციულ ზომას, 9 ნოემბრის აქციის მონაწილეებს უკვე „დამკვიდრებული პრაქტიკით“ შეუშალა ხელი შეკრების თავისუფლების რეალიზაციაში, მათთვის შეშის ჩამორთმევით. 28 ნოემბრის აქციაზე ხელისუფლებამ კვლავაც ადმინისტრაციული დაკავების თვითნებურ პრაქტიკას მიმართა, 14 ნოემბერს კი სოფელ ჟონეთში გამართული მშვიდობიანი აქცია ძალისმიერად დაშალა, ნაცვლად ადგილობრივებთან დიალოგის წარმართვისა.
2020 წელს კვლავაც გამოწვევას წარმოადგენდა გამოხატვისა და მედიის თავისუფლების დაცვა. GDI უკვე ერთ წელზე მეტია შეშფოთებით აკვირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში განვითარებულ პროცესებს. 2020 წელს არაერთმა გარემოებამ გაამყარა ეჭვები იმის თაობაზე, რომ ეს პროცესები პოლიტიკურადაა მოტივირებული და არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მოშლას ისახავს მიზნად. მიმდინარე წელს მედიის თავისუფლებაში ჩარევის კუთხით ასევე საყურადღებოა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტზე საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყება, TV პირველის დამფუძნებლის მამის მიმართ შესაძლო მუქარა და ბავშვის უფლებათა კოდექსში და „მაუწყებლობის შესახებ” კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც არათანაზომიერად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
მიმოსვლის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით კი უნდა აღინიშნოს, რომ GDI გეგმავს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს 2020 წლის 2 სექტემბერს შემოღებული რეგულაცია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს არაკონსტიტუციურად ეზღუდებათ შენგენის ზონაში შესვლის მიზნით საქართველოს დატოვება.
2020 წლის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენდა, რომელიც სერიოზული ხარვეზებით წარიმართა. ეს დოკუმენტი მოკლედ მიმოიხილავს იმ დარღვევებს, რომლებსაც 31 ოქტომბრის არჩევნებისას ჰქონდა ადგილი, ასევე - იმ პრობლემებს, რომლებიც საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოში საჩივრების განხილვისას გამოვლინდა. სამწუხაროდ, დარღვევების ხასიათითა და მასშტაბურობით, ამ არჩევნებმა ქვეყანა მნიშვნელოვნად დახია უკან დემოკრატიული განვითარების გზაზე და შექმნა მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რაც თავისთავად ზიანის მომტანია ქვეყნის ინტერესებისთვის.
საქართველო კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას თანასწორობის უფლებისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით. საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხელისუფლების მიერ საქართველოს საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია საპატრიარქოსთვის პრივილეგიების მინიჭებით პოლიტიკური სარგებლის მიღება. კომენდანტის საათიდან გამონაკლისის, მხოლოდ 6-7 იანვრის (შობის) ღამეს დაშვებით კი კვლავ ცხადი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება რელიგიურ უმცირესობებს უმრავლესობის თანასწორუფლებიან სუბიექტებად არ განიხილავს. თანასწორობის უფლებასთან დაკავშირებით, ასევე, აღსანიშნავია ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის გარშემო განვითარებული პროცესები, რომლის გამწვავების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პანდემიის პირობებში იმატა ქსენოფობიურმა განცხადებებმა, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია.
წინამდებარე დოკუმენტი მოკლედ მიმოიხილავს პანდემიასთან დაკავშირებულ რეგულაციებს, რომელთა განხილვა და ანალიზი დეტალურადაა წარმოდგენილი GDI-ს და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ კვლევაში. თუმცა, დოკუმენტში მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა 2020 წელს საქართველოში კონსტიტუციური კონტროლის ეფექტურობის შესამჩნევ ვარდნას და სამართლიანი სასამართლოს უფლების კუთხით არსებულ გამოწვევებს.
საგანგაშოა, რომ ნაცვლად გიორგი რურუას სახით პოლიტპატიმრის გათავისუფლებისა, 2020 წელს ვიხილეთ ახალი პოლიტიკური პატიმრები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახით. ასევე, საფუძვლიანი ეჭვები არსებობს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის დაკავების პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით. 2020 წლის გახმაურებულმა საქმეებმა კი კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საგამოძიებო ორგანოებში კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემებია დანაშაულის პრევენციასთან და მის სრულყოფილ და ეფექტიან გამოძიებასთან დაკავშირებით.
შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბოლო წლებში შეიმჩნევა ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. 2020 წელს გამოვლენილი დარღვევები ამ ტენდენციის სამწუხარო გაგრძელებაა, რომელიც უფრო მეტად გვაშორებს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს იდეალს და კეთილდღეობის მიღწევის შესაძლებლობას.
ვიმედოვნებთ, ეს დოკუმენტი ხელს შეუწყობს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით არსებული პრობლემების გააზრებას, რაც მათი გადაჭრის აუცილებელი წინაპირობაა.