ადამიანის უფლებები საქართველოში -2019 წელი

წარმოგიდგენთ GDI-ს მიერ მომზადებულ მიმოხილვას, რომელიც ასახავს 2019 წლისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას საქართველოში და გამოყოფს ამ მიმართულებით არსებულ ძირითად პრობლემებსა თუ გამოწვევებს, რომელთა გადაჭრაც ფუნდამენტური მნიშვნელობის იქნება სამომავლოდ ადამიანის უფლებათა პოლიტიკის განსაზღვრისთვის და უფლებათა დარღვევების წინააღმდეგ დაცვის მექანიზმების გასაძლიერებლად.

 

დოკუმენტში მიმოხილულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან, თანასწორობასთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხები და უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტები. ასევე შეფასებულია ასეთ შემთხვევებზე ხელისუფლების რეაგირების ადეკვატურობა და კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც ახდენს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების ფორმირებას.

 

ხაზგასასმელია, რომ 2019 წელს რიგი მიმართულებებით დაფიქსირდა ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს ეხება მაგალითად, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლის ფარგლებშიც დაიხვეწა დისკრიმინაციის შემთხვევების იდენტიფიცირებისა და მასზე რეაგირების მექანიზმები, სანქცირებადი გახდა შევიწროება და სექსუალური შევიწროება, ასევე გაიზარდა სახალხო დამცველის უფლებამოსილებები კერძო პირებთან მიმართებაში. 

 

აღნიშნულის პარალელურად, სამწუხაროდ, მკვეთრი გაუარესება შეინიშნება შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვის კუთხით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენები. სახელმწიფო მანიფესტაციის დასაშლელად მიმართავს არაპროპორციულ ძალას და არ იცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მანიფესტაციის დაშლის წესსა და პროცედურებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება უზრუნველყოს კერძო პირთა მიერ ამ უფლებით სარგებლობა და არ დაუშვას მესამე პირების მხრიდან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ნებისმიერი ფორმა. მიუხედავად ამისა, ხშირია კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის გამოვლენის შემთხვევები, რაზეც სამართალდამცავი უწყებები არასათანადოდ რეაგირებენ. კვლავ მწვავე საკითხად რჩება LGBTQ+ თემის წევრების მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით სარგებლობა. ამ მიმართულებით სახელმწიფოს სისტემური პოლიტიკის არარსებობის პირობებში, ულტრანაციონალური და ჰომოფობიურად განწყობილი ძალებისგან მომდინარე ზეწოლის ფონზე, LGBTQ+ თემის წარმომადგენლებს ფაქტობრივად ჩამორთმეული აქვთ აღნიშნული კონსტიტუციური უფლება.

 

შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ კვლავ იგრძნობა სახელისუფლებო ორგანოების მიერ გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტის ხარისხის შემცირების ტენდენცია. საერთო სასამართლოები რიგ შემთხვევაში მიმართავენ კანონმდებლობის ინტერპრეტაციის იმგვარ მეთოდს, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას მეორეხარისხოვან უფლებრივ სიკეთედ წარმოაჩენს სხვა საჯარო მნიშვნელობის ინტერესთან მიმართებით. ასევე, ხშირია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იმ სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებიც არ არის მოხსენიებული საქართველოს კონსტიტუციაში.

 

სავალალოა ის ფაქტიც, რომ მმართველი ძალა უგულებელყოფს საზოგადოებრივ განწყობებსა და კონსენსუსს ისეთი ფუნდამენტური სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე რეფორმების გატარებისას, როგორებიცაა საარჩევნო სისტემის ცვლილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის ჯეროვანი პროცედურის განსაზღვრა. მსგავსი ტიპის პროცესებთან მიმართებით საზოგადოების წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვამდე და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით კრიტიკული შეფასებების გასაჯაროებამდე, ხელისუფლება არც კი ცდილობს ინსტიტუციონალურ ცვლილებები გამჭვირვალობისა და დემოკრატიულობის პრინციპების დაცვის ფონზე განახორციელოს.

 

საბოლოო ჯამში საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 2018 წელთან შედარებით იგი გამოირჩევა მზარდი უარყოფითი ტენდენციებით. განხორციელებული პოზიტიური ცვლილებების ფრაგმენტულობა და რიგი მიმართულებებით სისტემური საჯარო პოლიტიკის არარსებობა ზრდის საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებიდან გადახვევის რისკსა და შემთხვევებს. დემოკრატიის „მოწყვლადობა“ და პოლიტიკური პროცესების პოლარიზაცია, ისევე როგორც ძალაუფლების შენარჩუნებისაკენ მუდმივი სწრაფვა, აფერხებს საზოგადოების კონსოლიდაციასა და გრძელვადიან, შედეგებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას ადამიანის უფლებების სასარგებლოდ.