სიახლეები

28
ივლისი2015

„ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის I და II თავების შესრულებასთან დაკავშირებით“ ანგარიშის პრეზენტაცია

„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ (GDI) 2015 წლის 28 ივლისს, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისშიწარადგინა ანგარიში* ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის I და II თავების შესრულებასთან დაკავშირებით. ანგარიშში რაოდენობრივი და ხარისხობრივი თვალსაზრისით შეფასდა პასუხისმგებელი უწყებების მიერ 2014 წლის ივლისიდან 2014 წლის დეკემბრამდე პერიოდში განხორციელებული საქმიანობები. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ასპექტები.

მაგალითისთვის პოზიტიურად შეგვიძლია მივიჩნიოთ დაზარალებულის უფლებების განმტკიცება სისხლის სამართლის პროცესში, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმირება, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელება, რომლის მიხედვითაც უზენაეს სასამართლოში საკვალიფიკაციო პალატა ჩამოყალიბდა და სხვა.

ანგარიშში დადებითადაა შეფასებული როგორც ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და მის საფუძველზე სამოქმედო გეგმის შემუშავება, ისე მის განხორციელებაზე დაწესებული კონტროლის მექანიზმი და ადამიანის უფლებათა სამდივნოს საქმიანობაც.პოზიტიურად მიიჩნევა ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის  სამდივნოს ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა, წარადგინონ საკუთარი მოსაზრებები ზეპირად თუ წერილობით და პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებისაგან მოისმინონ სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა. თუმცა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ უარყოფითად აფასებს ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მიერ მომზადებულ შუალედურ თუ საბოლოო ანგარიშშიპასუხისმგებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობების მხოლოდ დადებითი კუთხითწარმოჩენის ფაქტს. მასში საერთოდ არ არის მითითებული ისაქტივობები, რომელთა განხორციელებაც ევალებოდათ შესაბამის უწყებებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვადაში და არ განხორციელებულა, რაც ხსენებულ ანგარიშებს არასრულყოფილს ხდის.

ანგარიშში მიმოხილულია სხვა საკითხებიც, რომელთაც ნეგატიური გავლენა იქონიეს სამოქმედო გეგმით გატალიწინებული აქტივობების შესრულებაზე, კერძოდ:

  • იქიდან გამომდინარე, რომ სამოქმედო გეგმაში მოცემული ინდიკატორები მიბმულია აქტივობასთან და არა მიზანთან, შედეგად ვიღებთ პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან ფორმალურად განხორციელებულ აქტივობებ, რომლებიც არ წარმოადგენენსამოქმედო გეგმაში მოცემული მიზნის მიღწევის რეალურ და ეფექტიან საშუალებას;
  • იქმნება შთაბეჭდილება, რომ პასუხისმგებელი უწყებები ცდილობენ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვადების ბოლომდე გამოყენებას და დროულად არ ხდება სხვადასხვა აქტოვობების თვალსაზრისით ღიონისძიებების გატარება. უფრო მეტიც, რიგ შემთხვევებში,აღმასრულებელი ხელისუფლების ზოგიერთი დაწესებულებასაერთოდ არ ახორციელებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებსამავე გეგმით განსაზღვრულ ვადაში;
  • ადამიანის უფლებათა სამდივნოს ანგარიშში ყურადღება მახვილდება სამოქმედო გეგმის შესრულების მხოლოდ პოზიტიურ ასპექტებზე და არაფერია ნათქვამი განუხორციელებელ აქტივობებთან დაკავშირებით. გასათვალისწინებელია, რომ იგი წარედგინება საქართველოს პარლამენტს და ამდენად, ობიექტურად უნდა ასახავდეს არსებულ ვითარებას სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით, რასაც ადამიანის უფლებათა სამდივნოს არსებული მიდგომა ვერ უზრუნველყოფს. 

მიგაჩნია, რომ ხშირ შემთხვევაში, პასუხისმგებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები ემსახურებოდა სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს. თუმცა ამის საწინააღმდეგო მაგალითებია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმირების კუთხით განხორციელებული აქტივობები. ჩვენი შეფასებით ცვლილებებით არსებული ვითარებაგაუმჯობესების ნაცვლად მნიშვნელოვნად გაუარესდა.

განუხორციელებული აქტივობების მაგალითებია, სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის გაუმჯობესებისა და ინდივიდუალური მოსამართლის სამართლიანი ანაზღაურებისა და სოციალური დაცვის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით შეუსრულებელი აქტივობები.

გარდა ხსენებული საკითხებისა, ანგარიშში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო, სამოქმედო გეგმაში არსებული ინდიკატორების საკითხს. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ არსებული ინდიკატორების პირობებში რჩება ე.წ. ნაცრისფერი სივრცეები, რაც ქმნის პრობლემებს განხორციელებული აქტივობების დასახულ მიზანთან ხარისხობრივი შეფასების თვალსაზრისით. შესაბამისად, აუცილებელია ინდიკატორების დაკონკრეტება შინაარსობრივი თვალსაზრისით და მათი მიბმა არა საქმიანობასთან, არამედ მიზანთან.

ანგარიშის ბოლო თავი ეთმობა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს, რომელთა მიზანია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების ეფექტიანობისა და ხარისხის გაზრდა. მასში მოცემული კონკრეტული რეკომენდაციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინიტროსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მისამართით, ასევე, ზოგადი რეკომენდაცია, რომელიც უკავშირდება პასუხისმგებელი უწყებების მიერ საქმიანობების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვადებში განხორციელების აუცილებლობას.

 ანგარიშის სრული ვერსია

*ანგარიში მომზადებულია პროექტის „ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისათვის“ ფარგლებში. პროექტი განხორციელდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას და შესაბამისად ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.