GDI ეხმიანება 2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და უშუალოდ არჩევნების დღეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიის მიერ გამოვლენილ დარღვევებს და მიიჩნევს, რომ გამოვლენილ დარღვევათა სისტემატურობამ და სიმძიმემ უარყოფითი გავლენა იქონია ამომრჩეველთა მიერ არჩევანის თავისუფალ გამოვლენაზე.
მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნები გაიმართა. არჩევნების მნიშვნელობას ზრდიდა 2021 წლის 19 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის აქტიური ჩართულობით პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობას შორის შეთანხმებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში, თუ ამ არჩევნებზე “ქართული ოცნება” პროპორციულად ამომრჩეველთა 43%-ის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდა, 2021 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო. მიუხედავად იმისა, რომ 28 ივლისს, მმართველმა პარტიამ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი , ევროპარლამენტარები: ვიოლა ფონ კრამონი და პეტრას აუსტრევიჩიუს, აცხადებდნენ, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად 19 აპრილის შეთანხმება და შესაბამისად, დათქმა 43% ბარიერთან დაკავშირებით კვლავაც ძალაში იყო.
მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების მონიტორინგში მონაწილე ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ გამოვლინდა არაერთი ცალკეული ცდომილება, თუ სისტემური დარღვევების ტენდენცია, რომელმაც გავლენა იქონია ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე. კვლავაც პრობლემად რჩება საარჩევნო „კარუსელი“, საარჩევნო უბნებთან კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა ფულის გადაცემის გზით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, სპეციალურ სიებში ამომრჩევლების უსაფუძვლოდ დაფიქსირება და მარკირების წესის დარღვევა. ცალკეული პრობლემები გამოიკვეთა ასევე მარკირების წესების უგულებელყოფასთან, გადასატანი ყუთისა და, ზოგადად, ხმის მიცემის პროცედურის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.
საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე მიუთითებს ეუთო(OSCE) და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის(ODIHR) მისია 3 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წინასწარ ანგარიშში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საარჩევნო “კამპანია დააზიანა დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა და თანმიმდევრულმა განცხადებებმა და არათანასწორმა საასპარეზო პირობებმა.” ეუთოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის მისიის მიერ მომზადებულ შეფასებას მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთიც. საკუთარ შეფასებებში კრიტიკული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც, ოფიციალური განცხადების მიხედვით, “[საარჩევნო] გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული და განმეორებითი საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, მოქალაქე დამკვირვებლების პარტიის წარმომადგენლებად არასათანადო გამოყენების, არათანაბარი სამოქმედო პირობების შესახებ, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდშიც.” მეტიც, საელჩოს განცხადებით, სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილმა ზღვარმა და ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებამ წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ.
ფაქტია, მმართველ პარტიას კვლავაც არ გააჩნია ნება უარი თქვას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, არასამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნასა და ამომრჩევლის ნების კონტროლის სხვადასხვა მახინჯ პრაქტიკაზე, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მოქალაქეთა არჩევანის თავისუფალ გამოვლენასა და მათ შედეგებში სრულფასოვან ასახვაზე. არჩევნების უსამართლო და არათავისუფალი გარემო, მმართველი პარტიის აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის ენით გაჯერებული საარჩევნო კამპანია აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და კიდევ უფრო მეტად აშორებს მას დასავლური ღირებულებებისაგან.