17 მაისი - ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

GDI ეხმაურება ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, რომელიც ყოველწლიურად 17 მაისს აღინიშნება.

 

ერთი მხრივ სასიხარულოა, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ლგბტ+ თემის მიმართ დამოკიდებულება შეიცვლა და მხარდაჭერა გაიზარდა. ამ დადებით ცვლილებას ადასტურებს საზოგადოებრივი დამოკიდებულების შესახებ კვლევა, რომლის თანახმად, საქართველოში შესუსტებულია ჰომოფობიური განწყობის ინდიკატორები. ამის მიუხედავად, ლგბტ+ თემისა და მისი მხარდამჭერების უფლებრივ მდგომარეობაზე კვლავ უარყოფითად აისახება არაერთი გამოწვევა, მათ შორის, დისკრიმინაციის,  ფიზიკური უსაფრთხოების, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეალიზების კუთხით. ხსენებული პრობლემები თვალნათლივ წარმოჩნდა 2021 წლის 5 ივლისს, როდესაც სიძულვილის ჯგუფებმა ჩაშალეს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში“ და საფრთხე შეუქმნეს ლგბტ+ თემის წევრების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ხოლო სახელმწიფოს არ მიუღია არც პრევენციული და არც რეაქციული ეფექტური ზომები ლგბტ+ თემის დასაცავად, შემდეგ კი დამნაშავეების დასასჯელად. სამწუხაროდ, სახელმწიფო არათუ არ დგამს ნაბიჯებს ლგბტ+ თემის მხარდასაჭერად, არამედ თავად ხელისუფლების წარმომადგენლების პოპულისტური და დისკრიმინაციული რიტორიკა ახალისებს ჰომოფობიას. იქიდან გამომდინარე, რომ ლგბტ+ თემის წინაშე არსებულ სირთულეებს წლების განმავლობაში ძირითადად ერთი და იმავე სახე აქვს, აშკარაა, რომ სახელმწიფოს არ აქვს მათ გადასაჭრელად სათანადო ღონისძიებების განხორციელების პოლიტიკური ნება.

 

GDI მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში ლგბტ+ თემის უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რათა ლგბტ+ თემის წევრებმა შეძლონ ფუნდამენტური უფლებებით თანასწორად სარგებლობა.