2023 წლის 29 ივნისს GDI-იმ ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით პირველ ანტი-SLAPP კონფერენციას უმასპინძლა.
სტრატეგიული სამართალწარმოება სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ (SLAPP) ფართოდ არის აღიარებული, როგორც გამოხატვის თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მონაწილეობის შეზღუდვის ერთ-ერთი მექანიზმი და გულისხმობს პოლიტიკურად ან ეკონომიკურად გავლენიანი პირების მიერ დაუსაბუთებელი სარჩელების შეტანას საზოგადოების აქტიური წევრების (ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტების) წინააღმდეგ. SLAPP-ით გამოწვეული საფრთხეებს „მსუსხავი ეფექტი“ აქვს ყველაზე, ვინც აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ცდილობს საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე. 2021-2023 წლებში, SLAPP-ის ტენდენცია შეიმჩნევა საქართველოშიც. ამ ეტაპზე, საქართველოს საერთო სასამართლოებში ცილისწამების არანაკლებ 38 საქმე განიხილება. აღნიშნულ სარჩელებს მსგავსი მახასიათებლები აქვთ და სისტემურ ხასიათს ატარებენ.
პირველი ანტი-SLAPP კონფერენციის მიზანია SLAPP-ის სფეროში მთელ მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ტენდენციების მიმოხილვა. ამასთანავე, ღონისძიება საქართველოში SLAPP-ის პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და გადაჭრის გზების მოძიების პირველი მცდელობაა. პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა დაინტერესებულმა მხარეებმა, მათ შორის, ექსპერტებმა აშშ-დან, ევროპიდან და საქართველოდან, ასევე მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, მართლმსაჯულების სისტემის, ადვოკატთა ასოციაციის და სხვა წარმომადგენლებმა. ღონისძიების ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ანტი-SLAPP პლატფორმის ჩამოყალიბების შესახებაც განაცხადეს.
კონფერენცია გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივასთან (GDI) თანამშრომლობით. კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, კოალიცია SLAPPs-ის წინააღმდეგ ევროპაში (CASE), ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი (HRHF) და USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).