„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „დემოკრატ მესხთა კავშირთან“ პარტნიორობით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ(GDI),„დემოკრატ მესხთა კავშირთან“ (UDM) პარტნიორობით საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა. სარჩელით მოთხოვნილია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

 

სადავო ნორმა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ანიჭებს შესაძლებლობას, მიიღონ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი და ისარგებლონ კანონით დადგენილი ბენეფიტებით. ხოლო, საქართველოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები უცხოელები (უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები) ვერ სარგებლობენ მაღალმთიანი დასახლებისთვის კანონმდებლობით დადგენილი შეღავათებით, შესაბამისად ადგილი აქვს არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას მოქალაქეობის ნიშნით.

 

აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელით GDI, UDM-თან პარტნიორობით, საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენს და იცავს საქართველოში, კერძოდ ახალქალაქში, მუდმივად მცხოვრებ სომხეთის მოქალაქეების, გარნეკ ვარდესიანის და არტავაზდ ხაჩატრიანის ინტერესებს, რომელთაც უარი ეთქვათ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე საქართველოს მოქალაქეობის არ ქონის გამო. აღნიშნული პირები წარმოადგნენ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკოს ელექტრიკებს. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით1 წლის განმავლობაში 6000 ლარამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ იბეგრება. შესაბამისად, გარნეკ ვარდესიანსა და არტავაზდ ხაჩატრიანს არ აქვთ საშუალება, ისარგებლონ, მათ შორის, ზემოაღნიშნული შეღავათით.

 

სარჩელი მომზადდა პროექტის „უმცირესობების უფლებების გაუმჯობესება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში.