სამოქალაქო პლატფორმის „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციების განცხადება

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები ეხმაურებიან სამოქალაქო ინტეგრაციის სამოქმედო გეგმის პროექტის გამოქვეყნებას. პლატფორმის წევრები მიიჩნევენ, რომ ჩართულობის შემოთავაზებული ფორმა ფასადურია და მთავრობას სინამდვილეში არ აინტერესებს სამოქალაქო სექტორის მოსაზრებები სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკავშირებით.

2023 წლის 16 თებერვალს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდსა და „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი. გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სამოქმედო გეგმის პროექტი მომზადდა სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და  სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის წევრ უწყებებს შორის თანამშრომლობით, ხოლო პროექტზე მოსაზრებების წარდგენის ვადად განისაზაღვრა 2023  წლის 24 თებერვალი.

აღსანიშნავია, რომ თანასწორობასა და ინტეგრაციაზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობა სამოქმედო გეგმის წერის განმავლობაში/მის გამოქვეყნებამდე არ ყოფილა სათანადოდ უზრუნველყოფილი. ჩართულობის შესახებ მოწვევა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით არც ახლა მიუღიათ და გეგმის პროექტი მხოლოდ აპარატის ოფიციალურ ვებგვერდსა და “ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნდა. ამავდროულად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დადგინდა მოსაზრებებისა და წინადადების წარდგენის შემჭიდროებული ვადა. 

მივიჩნევთ, რომ 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის მომზადების სამუშაო პროცესი თავიდანვე უნდა ყოფილიყო უფრო მონაწილეობითი.  სამოქალაქო სექტორის მსგავს პროცესებში ჩართულობა გაეროს მიერ აღიარებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპის -ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის (HRBA) შემადგენელი ნაწილია. ამასთან, სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციის გავლა “ღია მმართველობის” ქვაკუთხედია, რისი ვალდებულებაც საქართველომ წლები წინ “ღია მმართველობის პარტნიორობაში” (OGP) გაწევრიანებით აიღო. 

ამავდროულად, იმის გათვალისწინებით რომ  სამოქმედო გეგმის პროექტი საკმაოდ მოცულობითია (ეხება რამდენიმე სტრატეგიულ პრიორიტეტს, მოიცავს არაერთ ამოცანას, აქვიტობასა და ინდიკატორს)  მის შესახებ სრულფასოვანი, სიღრმისეული უკუკავშირის მომზადება და წარდგენა მოითხოვს ბევრად უფრო ხანგძლივ ვადას, ვიდრე ეს მინისტრის აპარატმა დაადგინა.

აღნიშნული გარემოებები ტოვებს ზედაპირული, ფორმალური მიდგომის შთაბეჭდილებას და მიუთითითებს, რომ ხელისუფლება რეალურად არაა დაინტერესებული სამოქალაქო სექტორთან ნაყოფიერი ურთიერთობით და  მით უფრო მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

უფლებები საქართველოსთვის (RG)

თანასწორობის მოძრაობა

ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი