სიახლეები

04
ოქტომბერი2017

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციების განცხადება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ჰომოფობიური და ქსენოფობიური განწყობების გაძლიერების შესახებ

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები გამოვთქვამთ შეშფოთებას წინასაარჩევნო პერიოდში ჰომოფობიური და ქსენოფობიური გამოხატვის შემთხვევების მატებასთან და პოლიტიკური გაერთიანებების მიერ საკუთარ საარჩევნო სიაში ისეთი კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით, რომლებიც გამოირჩევიან არაშემწყნარებლური რიტორიკით.

მმართველმა პარტიამ თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის დეპუტატობის კანდიდატებად დაასახელა მიხეილ მესხი და ბექა სივსივაძე. მიხეილ მესხი 2010 წელს 7 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსტიტთან გამართულ აქციაზე აქტიურად იყენებდა სიძულვილის ენას, სკანდირებდა და ღიად მოუწოდებდა თანამოაზრეებს ჰომოფობიური ფრაზებით, ხოლო ბექა სივსივაძეს, რომელიც  გაზეთ "ასავალ-დასავლის" ჟურნალისტი იყო, წარსულში არაერთხელ გაუკეთებია ქსენოფობიური განცხადებები თურქეთის მოქალაქეების მიმართ. თავად გაზეთი ასავალ-დასავალი კი არაერთხელ მოხვედრილა სხვადასხვა ანგარიშებში როგორც ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დამრღვევი და ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებების გამავრცელებელი გამოცემა.  

განსაკუთრებით შემაშფოთებელია დიმიტრი ლორთქიფანიძისა და კახა კუკავას საერთო წინასაარჩევნო ვიდეო რგოლი, რომელიც უფასო პოლიტიკური რეკლამის სახით გადის ტელესივრცეში. ვიდეო რგოლი გაჯერებულია ქსენოფობიური ნარატივით, სადაც კანდიდატების ერთ-ერთ ძირითად წინასაარჩევნო დაპირებას მუსლიმი აღმსარებლობის ქალებისათვის, რომლებიც რელიგიურ ატრიბუტიკას „ჰიჯაბს“ ატარებენ საჯარო სივრცეებში გადაადგილების შეზღუდვას მოიცავს, რაც  ცალსახად ხელს უწყობს საზოგადოებაში ქსენოფობიური და რასისტული განწყობების გაძლიერებას და არსებითად ეწინააღმდეგება დემოკრატიული, პლურალური, სოლიდარული საზოგადოების მშენებლობას და იმ ღირებულებათა წესრიგს, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული საერთაშორისო აქტებით.

ჩვენთვის ცხადია, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს უფლება საკუთარ სიაში ჰყავდეს ჰომოფობი ან/და ქსენოფობი კანდიდატები. ის ფაქტი რომ “ქართული ოცნება”  მმართველი პარტიაა, მას არ ართმევს ამ უფლებას, თუმცა ღიად გაცხადებულ დასავლურ ღირებულებებისა და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებების მხარდაჭერასთან ერთად, გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს მას სხვა ისეთ პოლიტიკურ პარტიებთან შედარებით, რომელთა მხრიდანაც სისტემატიურად ხდება ქსობოფობიური და ჰომოფობიური რიტორიკის გამოყენება და ეს მათი პოლიტიკური იდეოლოგიის ნაწილს წარმოადგენს. 

მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის მიერ ხსენებული კანდიდატების დასახელება, ეჭქვეშ აყენებს მათ მიერვე დეკლარირებულ ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისადმი ერთგულებას.  მსგავსი ქმედებებით ხელისუფლება არა თუ უპირისპირდება დისკრიმინაციასა და სიძულვილის ენას, არამედ პირიქით, ერთგვარად ახალისებს ქსენოფობიასა და ჰომოფობიას, რამდენადაც ასეთი კანდიდატების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მოსვლით შესაძლოა მნიშვნელოვნად გაუარესდეს უმცირესობათა უფლებრივი მდგომარეობა.

გამომდინარე ზემოთქმულიდან მოვუწოდებთ პოლიტიკურ გაერთიანება “ქართულ ოცნებას”, საჯაროდ დააფიქსიროს მისი ნეგატიური დამოკიდებულება ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტების მიმართ და გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით.

ასევე მოვუწოდებთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თითოეულ პოლიტიკურ გაერთიანებას, დამოუკიდებელ კანდიდატებს და სხვა საჯარო პირებს უარი თქვან სიძულვილის ენის გამოყენებაზე და წინასაარჩევნო კამპანიისას თვითრეგულირების ფორმატში რეაგირება მოახდინონ შეუწყნარებლობის ნებისმიერ გამოვლინებაზე, რათა ცალკეული ჯგუფების მიმართ შეუწყნარებლობა არ აქციონ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და ელექტორალური შედეგის მიღწევის საშუალებად.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) 

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

თანასწორობის მოძრაობა  

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ფონდი (ISFED)