ქუთაისის მერიამ „თეთრ ხიდზე“ სტიკერის გაკვრის ფაქტზე დავა ორჯერ წააგო

ქუთაისის მერიამ, „თეთრ ხიდის” დაზიანებულ მინაზე გამაფრთხილებელი სტიკერის დაკვრის ფაქტზე  დაწყებული ორი დავა, ორივე ჯერზე, წააგო.

2019 წლის 12 იანვარს, ქუთაისში, არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლიას“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა „თეთრი ხიდის” საფეხმავლო ნაწილზე არსებულ დაზიანებულ შუშის ზედაპირზე A4 ფორმატის სტიკერი დააკრეს, წარწერით - „ფრთხილად, სახიფათოა!”  სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც  აკვირდებოდნენ „თეთრი ხიდის” რეაბილიტაციის პროცესს, არაერთხელ მიმართეს ქუთაისის მერიას ხიდზე  უსაფრთხოების ზომების მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, აქტივისტებმა აქცია-პერფომანსის გზით სცადეს მოქალაქეთა ინფორმირება და უბედური შემთხვევის პრევენცია.

ქუთაისის მერიის ზედამხვედველობის სამსახურმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველი ოქმი, სხვადასხვა ონლაინ მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებული სტატიების საფუძველზე, ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის - გია გოქაძის სახელზე შეადგინა. მერიის წარმომადგენელთა შეფასებით „თეთრ ხიდზე” ამგვარი სტიკერების გაკვრა ადმინისტრაციული შენობების მიმდებარედ და ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე წარწერების შესრულებაა, რაც ამახინჯებდა ქალაქის იერსახეს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით განსაზღვრულ სამართალდარღვევას წარმოადგენდა. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 25 თებერვლის დადგენილებით შეწყვიტა საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო. დადგენილებაში ნათქვამია, რომ ერთი მხრივ, მერიის წარმომადგენლებმა ვერ დაასაბუთეს სადავო სტიკერების ადმინისტრაციული შენობების მიმდებარედ გაკვრის ფაქტი, ხოლო მეორე მხრივ - გადაცდომად მიჩნეული ქმედება - „თეთრ ხიდზე” გამაფრთხილებელი სტიკერეის გაკვრა, მოხდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” მიერ ორგანიზებულ აქციაზე. შესაბამისად, არ დასტურდებოდა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის გია გოქაძის ბრალეულობა.

სწორედ საქალაქო სასამართლოს დადგენილების ჩანაწერი გახდა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან მეორე ოქმის შედგენის საფუძველი. ამ შემთხვევაში ოქმში სამართალდამრღვევად არა გია გოქაძე, არამედ თავად იურიდიული პირი - არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია” იყო მითითებული, რომლის დირექტორი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი - გია გოქაძეა. ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მცდელობა - შეეზღუდა სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლება, ამ შემთხვევაშიც წარუმატებელი აღმოჩნდა. 2019 წლის 26 მარტს გამართულ სხდომაზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, მალხაზ ჩუბინიძემ, „თეთრ ხიდის" გაბზარულ მინაზე გამაფრთხილებელი სტიკერის დაკვრა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ქმედებად შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სადავო სტიკერების დაკვრა საზოგადოებისთვის ღირებულ მიზნებს ემსახურებოდა.

 

ორივე დავის ფარგლებში, გია გოქაძისა და ააიპ “ევროპა ჩვენი სახლიას” ინტერესებს GDI (საქართველოს დემოკრატიული ინიციატვია) იცავდა.