GDI -ს ანგარიში 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შესახებ

2018 წლის 17 სექტემბერს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში  GDI-მ გამართა პრეზენტაცია, სადაც წარადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის  (2016-2017 წწ.) I (სისხლის სამართლის მართლმსაჯულება), II (სამართლიანი სასამართლოს უფლება)  და III (პროკურატურა) თავების შესრულებასთან დაკავშირებით განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგები,  მონიტორინგის ფარგლებში შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი:  www.hrm.org.ge, ასევე მონიტორინგის ფარგლებში შემუშავებული სპეციალური მეთოდოლოგია, რომელსაც დაეფუძნა წარმოდგენილი ანგარიში.

შეხვედრა გაიმართა  2016-2017 წლის ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიშების პრეზენტაციების კვირეულის ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები  წარადგენენ.

 

*  *  *

თითოეულ თავთან მიმართებით მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ტენდენციები:

თავი I (სისხლის სამართლის მართლმსაჯულება)

  • მიუხედავად იმისა, რომ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილის შესრულება არ მომხდარა, სამწუხაროდ 2016-2017 წლებში აღარ მომხდარა ისეთი მიმართულებების გათვალისწინება, როგორიცაა შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპის განმტკიცება და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა.

  • სისხლის სამართლის მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული 13 აქტივობიდან 6  საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას ეხება. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვადებში არათუ არც ერთის ინიცირება, არამედ მთავრობის მიერ დამტკიცებაც არ მომხდარა. საქმიანობები ეხებოდა შემდეგ საკითხებს:

    • ირიბი მტკიცებულების დასაშვებობის თაობაზე საკანონმდებლო რეგულაციების განმტკიცება;

    • დაზარალებულის უფლებების განმტკიცება/გაუმჯობესება;

    • სისხლის სამართლის კოდექსის  სრული გადასინჯვა;

    • სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა;

    • ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ინიცირება;

    • ადმინისტრაციული პატიმრობის გაუქმება და ფულადი სახდელების ერთიანი სისტემის შექმნა.

თავი II (სამართლიანი სასამართლოს უფლება)

  • სამთავრობო სამოქმედო გეგმის II თავი მთლიანობაში შესაბამისობაშია სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებთან და იგი ითვალისწინებს მთელ რიგ იმ საკითხებს, რომლებიც წლების განმავლობაში ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის საგანს წარმოადგენდა.

  • ორ წლიანი შესრულების ვადის მიუხედავად, კვლავ შეუსრულებელი რჩება ის საქმიანობები, რომელიც დღემდე მწვავე კრიტიკის საგანია როგორც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. კერძოდ შეუსრულებელია:

    • მოსამართლეთა შერჩევის გამჭვირვალე და ობიექტური კრიტერიუმების პრაქტიკაში დანერგვა;

    • მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმების შემუშავება;

    • მოსამართლეთა საქმიანობის პერიოდული შეფასების სისტემის დახვეწა;

    • მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების დახვეწა; 

შეუსრულებელ აქტივობებზე პასუხისმგებელი მეტწილად იუსტიციის უმაღლესი საბჭოა.

თავი III (პროკურატურა)

  • ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმით არ მომხდარა ისეთი აქტუალური საკითხების გათვალისწინება, როგორიცაა:

    • პროკურატურის საქმიანობის დამოუკიდებლობის გაზრდა;

    • ღია, გამჭირვალე და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული პროკურატურის სისტემის შექმნა;

    • ინდივიდუალური პროკურორების საქმიანობის დამოუკიდებლობის გაზრდა და ა.შ.

    • ზოგიერთი ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობა შესრულდა ნახევარზე ნაკლებად ან საერთოდ არ შესრულებულა, მათ შორისაა:

      • ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე ანგარიშის გამოქვეყნება;

      • პროკურორთა შეფასების სისტემის დანერგვა;

      • ეფექტური სისხლის სამართლის პოლიტიკის ჩამოყალიბების კუთხით გავრცელებულ დანაშაულთა ანალიზი და სხვ.

 

მონიტორინგის განხორციელება და ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით.  ანგარიში მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG), და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ (OSGF) ერთობლივი საგრანტო პროექტის ფარგლებში. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელი არიან ავტორი ორგანიზაციები. იგი არ წარმოადგენს ამერიკის მთავრობის ოფიციალურ მოსაზრებას და არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, ან ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ შეხედულებებს.