პოლიტიკურად მიკერძოებული მართლმსაჯულება საქართველოში

„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციით განსაზღვრული „პოლიტიკური პატიმრის“ დეფინიციის კრიტერიუმების საფუძველზე საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების, ასევე, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებული სისხლისსამართლებრივი საქმეები შეისწავლა.

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირებების მნიშვნელოვანი ნაწილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემა იყო, რისი განხორციელებაც მათი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო. შესაბამისად, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებში, ასევე საზოგადოების ნაწილში გაჩნდა კითხვები დევნის სავარაუდო პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით. წარმოებული საქმეების შესახებ არაერთხელ გამოითქვა შეშფოთება საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოთა და  საერთაშორისო ორგანიზაციათა მხრიდან.

 

სწორედ აღნიშნული კითხვების გათვალისწინებით ორგანიზაციის იურისტებმა შეისწავლეს მიხეილ სააკაშვილის, გიორგი უგულავას, ივანე მერაბიშვილის, ბაჩანა ახალაიას, თენგიზ გუნავას, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისა და სხვათა წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების მასალები. საქმეთა შესწავლის მიზანს წარმოადგენდა არა ბრალდებულ პირთა დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, არამედ სამართალწარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევები და პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც აჩენს პოლიტიკური მოტივაციის არსებობის ეჭვს.

 

საქმეთა შესწავლამ გამოავლინა, რომ ხშირ შემთხვევაში გამოძიებას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი - მიაღწიოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. ანალიზი ცხადყოფს, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენების შესახებ განჩინებები დაუსაბუთებელია. ბაჩანა ახალაიას, გიორგი უგულავას, ივანე მერაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ალექსანდრე ნინუას, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ მათი პირადი მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე და სასამართლოს ზოგადი, აბსტრაქტული მსჯელობის საფუძველზე. ამგვარი მიდგომა არღვევს საქართველოს კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ მოთხოვნებს.

 

განსაკუთრებით თვალშისაცემია თავისუფლების პრეზუმფციის დარღვევა გიორგი უგულავას შემთხვევაში. პირველი ბრალდება გიორგი უგულავას 2013 წლის 22 თებერვალს წარედგინა. იგი ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე შვიდი „დანაშაულებრივი“ ეპიზოდისთვის არის ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული, თუმცა დღემდე არც ერთ საქმეზე არ არსებობს სასამართლოს განაჩენი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გიორგი უგულავას წინასწარი პატიმრობის ვადა 2015 წლის 2 აპრილს სრულდებოდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 14 მარტს საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალის დამძიმების გამო მიიღო განჩინება წინასწარი პატიმრობის ახალი ვადის შეფარდების თაობაზე, რამაც კიდევ ერთხელ გაამყარა ეჭვები მის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული  მართლმსაჯულების წარმოების შესახებ.

 

სამართალწარმოების განზრახ გაჭიანურების სერიოზულ ეჭვს აჩენს ფაქტები ბაჩანა ახალაიას, ალექსანდრე ნინუას, გიორგი ონიანის, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის საქმეებში.

 

საქმეთა დიდ ნაწილში ფიქსირდება სხვადასხვა ინფორმაცია მოწმეებზე ზეწოლის შესახებ და მიცემული ჩვენების გადათქმები. ასევე საგულისხმოა, რომ იმ პირთა დიდი ნაწილი, ვინც დათანხმდა ჩვენება მიეცა ყოფილი მაღალჩინოსნების საწინააღმდეგოდ, სრულიად გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ხოლო მათ, ვინც ჩვენება ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ შეცვალეს, ან არსებული ბრალი დაუმძიმდათ, ან მათ მიმართ გამოძიება დაიწყო.

 

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებში, ბრალდების მოწმეებად მისი პოლიტიკური ოპონენტები, ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ოქრუაშვილი გვევლინებიან. აღსანიშნავია, რომ ნ.ბურჯანაძე პირველად დაკითხულია სააკაშვილისთვის ბრალის დადგენილების გამოტანის შემდგომ, მაშინ როდესაც ამ საქმეში ბრალდების მხარეს ერთადერთი მტკიცებულება სააკაშვილის წინააღმდეგ სწორედ მისი ჩვენება აქვს.

 

გიორგი უგულავას და მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოებულ საქმეებში გამოძიება ხშირად ეყრდნობა ირიბ ჩვენებებს, რომლებიც გამოყებულია ბრალის წარდგენის საფუძვლად. საყურადღებოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით - ერთი მხრივ, არაკონსტიტუციურად მიიჩნია მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე პირისთვის ბრალდების წაყენება, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენის გამოტანა ირიბ ჩვენებებზე დაყრდნობით.

 

ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას ცდება გიორგი უგულავას მიმართ ე.წ. „სი-ტი პარკის საქმეში“ ბრალდების დადგენილებაში არსებული მითითება, რომ უგულავას მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი იყო კანონსაწინააღმდეგო და არ შეესაბამებოდა  „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსს“, მაშინ როდესაც ხსენებული კოდექსი ბრძანების გამოცემის შემდეგ, 2009 წლის 28 დეკემბერსაა მიღებული. პროკურატურა ფაქტობრივად ბრალდების შესახებ დადგენილებით პირს ედავება იმ კანონის მოთხოვნათა დაუცველობას, რომელიც მისი ქმედებიდან 10 თვის შემდეგ მიიღეს.

 

ბრალდების მხრიდან დაცვის მხარის მოწმეების წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბარია ე.წ. „ნავთლუღის“ სპეცოპერაციის საქმეში ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ გამოტანილ სასამართლოს განაჩენში. ამავე საქმეს უკავშირდება შალვა თათუხაშვილის სავარაუდო გატაცების ინციდენტიც.

 

ივანე მერაბიშვილის საქმეების განხილვისას კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მალხაზ გურულმა გამოსცა უკანონო ბრძანება საგამოძიებო კოლეგიის შემადგენლობაში საკუთარი თავის დანიშვნის შესახებ, რის შემდეგაც მან განიხილა ივანე მერაბიშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ სააპელაციო საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი. საქართველოს იმდროინდელი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მხრიდან ივანე მერაბიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული სავარაუდო ზეწოლა და მისი ციხიდან უკანონოდ გაყვანის ფაქტი კი კვლავ გამოუძიებელია.

 

შერჩევითი მიდგომა იკვეთება გიორგი უგულავას, ივანე მერაბიშვილის, ბაჩანა ახალაიას, გიორგი ონიანის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეთა იმ ნაწილშიც, როდესაც სავარაუდო რეალური ამსრულებლების მიმართ პროკურატურა იღებს გადაწყვეტილებას სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მათ მიმართ ბრალდება ძალაში რჩება.

 

ხსენებული პირების მიმართ საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევის არაერთი შემთხვევის ფაქტი მხოლოდ უფლებადარღვევად შეიძლება შეფასებულიყო, რომ არა თითოეულ საქმესთან დაკავშირებული პოლიტიკური კონტექსტი.

 

ანგარიშის სრული ვერსია