პლატფორმა „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, ბატონ კახა კახიშვილს

ბატონო კახა,

 

მოგმართავთ თქვენდამი დაქვემდებარებული სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მამუკა ჩხეიძის საჯარო მოსამსახურისთვის დაუშვებელ ჰომოფობიურ გამოხატვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ ფეისბუკში (იხ. თანდართული ფოტოები). მიგვაჩნია, რომ ამგვარი გამოხატვის ფორმა განსაკუთრებით მიუღებელია იმ უწყების წარმომადგენლისგან, რომელიც ყველა ღონეს უნდა ხმარობდეს, რათა აღმოფხვრას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დამკვიდრებული ქვიარ თემის დისკრიმინაცია და ჩაგვრა. აღნიშნულისთვის კი, პირველ რიგში, დისკრიმინაციული მიდგომები არ უნდა ჰქონდეთ თავად სამინისტროს წარმომადგენლებს.

 

2018 წლის 16 მაისს მ. ჩხეიძემ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს შემდეგი სტატუსი მიუძღვნა (ამჟამად წაშლილია): „17 მაისი იცით რატოა გეი-პიდარმონობის დღე? მაგ დღეს ამოუღიათ გეი-პიდარმონობა დაავადებათა ნუსხიდან. ხოდა რა მინდოდა მეკითხა, განსაკუთრებით ჩემი ლიბერასტი ფრენდებისთვის: აი ეხლა ესენი ჯანმრთელები არიან? J ოღონდ სერიოზულად“

 

2018 წლის 17 მაისს, დემონსტრანტზე თავდასხმისადმი მიძღვნილ სტატუსზე მ.ჩხეიძემ გააკეთა კომენტარი: „ბიჭი იყო თუ ელგებეტე“, ხოლო სხვა მომხმარებლების აღშფოთებას ისევ დისკრიმინაციული დისკურსით უპასუხა: „ამათი სურვილია რომ აი "ეს" იყოს დღევანდელი საზოგადოებისათვის არამარგინალიზირებული, მისაღები არსებობის მოდელი. აი ვერანაირად ვერ გამოვა ეგ საქმე. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ "ეს" ნორმად არ მიაჩნია იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებსაც კი, ვინც ამათ უფებებს იცავენ. "ეს" ნორმა მხოლოდ ამათნაირებისთვისაა. მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას ვინ მოითხოვს ამათ დახვრეტას და დანაკუწებას. სახლში რაც უნდათ ის აკეთონ, მაგრამ "ეს" მათ და მათ ზურგს უკან მდგომ ძალებს უნდათ ცხოვრების ნორმად გახადონ საზოგადოებისათვის ძალად "შეტენვის" მეთოდით, ესაა აბსოლუტურად მიუღებელი. ყველგან და ყველა დროს საზოგადოებაში იყო თანხმობა რაღაც თემებზე. მაგალითად: როდესღაც მონობა მისაღები იყო უმრავლესობისთვის, დღეს ეს მიუღებელია, ჰომო საპიენსის გარიჟრაჟზე პრობლემა არ იყო ტიტველი სიარული, დღეს არა. ბოლო ბოლო სილამაზე ადრე არ იყო კახექსიური სიგამხდრე, დღეს კი ლამის ეგრეა და სხვა მრავალი. ამათ უნდათ რომ საზოგადოებამ ისინი აღიქვან ისეთივე წევრებად როგორც ყველა დანარჩენი (ჩვეულებრივი). არ გამოვა ეგ საქმე. დონკიხოტიზმია ეგ“

 

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილების „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ მე-11 მუხლის (საჯარო მოსამსახურის გამოხატვის თავისუფლება) მე-3 პუნქტის მიხედვით, „საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს საჯაროდ სიძულვილის ენის გამოყენების ან/და დისკრიმინაციული ხასიათის კომენტარის გაკეთებისგან, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლად და ობიექტურად განხორციელება.“

 

1997 წლის 30 ოქტომბრის რეკომენდაციაში 97 (20) „სიძულვილის ენის შესახებ“, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ხაზს უსვამს საჯარო პირების განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებებისგან, განსაკუთრებით, მედიის საშუალებით, რომლებიც შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს სიძულვილის ენად ან რომლებიც გამოიწვევენ რასობრივი, ქსენობოფიური სიძულვილის, ანტისემიტიზმის ან დისკრიმინაციის სხვა ფორმების ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებული სიძულვილის ლეგიტიმაციას, გავრცელებას ან პოპულარიზაციას. ამგვარი გამონათქვამები აკრძალული და საჯაროდ დაგმობილი უნდა იქნეს ყველა შემთხვევაში.“

 

„საჯარო მოხელეების უპირველესი მოვალეობაა, არა მხოლოდ პრაქტიკულად და ეფექტიანად დაიცვან ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტებში გაცხადებული უფლებები, არამედ თავი შეიკავონ გამოხატვისგან, რომელიც ახდენს დისკრიმინაციის ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებული სიძულვილის ლეგიტიმაციას და ხელშეწყობას.“ - ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში 1728 (2010).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ, შეისწავლოთ მამუკა ჩხეიძის დაკავებული თანამდებობისადმი შესაფერისობის საკითხი და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

პატივისცემით,

 

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

 

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

 

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

 

თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement)

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

 

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

 

კავშირი „საფარი“

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)