"კოალიცია თანასწორობისათვის" ეხმაურება თეა წულუკიანის დისკრიმინაციულ განცხადებას ტრანსგერდერ ადამიანებთან დაკავშირებით

კოალიცია თანასწორობისთვის“ეხმიანება საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, დისკრიმინაციულ განცხადებას[1] ტრანსგენდერი ადამიანების გენდერის სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებით.

კოალიციის შეფასებით, იუსტიციის მინისტრის აღნიშნული განცხადება უკიდურესად შემაშფოთებელია, რადგან აღრმავებს ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ საზოგადოებაში არსებულ სტიგმას და დამატებით უწყობს ხელს მათ მარგინალიზაციას. მინისტრი, ნაცვლად იმისა, რომ იმ მწვავე გამოწვევებს და კრიტიკას პასუხობდეს, რაც სასამართლოს რეფორმის და პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით არსებობს, ყურადღების გადატანას ტრანსგენდერი ადამიანების პრობლემაზე სპეკულირებით ცდილობს. აღნიშნული განცხადება ხელისუფლების მხრიდან ლგბტ ადამიანების ინსტრუმენტალიზების კიდევ ერთი დადასტურებაა და წარმოადგენს პოლიტიკური ჰომოფობიისა და ტრანსფობიის განსაკუთრებით ნეგატიურ შემთხვევას.

ტრანსგენდერი ადამიანები ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად და დისკრიმინირებულ ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში, რომლებიც ექვემდებარებიან ძალადობას, შევიწროებას, მუქარასა და დისკრიმინაციას ცხოვრების ყველა სფეროში. გენდერის სამართლებრივი აღიარების არარსებობის პრაქტიკა მათთვის კრიტიკულ გამოწვევას წარმოადგენს,რაც მათუმუშევრობის, სოციალური მოწყვლადობისა და უსახლკარობის რისკ ჯგუფად აქცევს.

გენდერის სამართლებრივი აღიარება წარმოადგენს პირად საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში (მათ შორის, პირადობისა და განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებში) სახელისა და სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლას იმგვარად, რომ არსებული ჩანაწერი თანხვედრაში იყოს პიროვნების გენდერულ იდენტობასა და გამოხატვასთან.აღნიშნული მექანიზმი ტრანსგენდერი ადამიანების კანონის წინაშე თანასწორობის, დისკრიმინაციისგან დაცვის, თვითგამორკვევისა და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებათა დაცვის საშუალებაა. გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმით დაცული უფლებების ღირებულების გამო, საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ სახელმწიფოებს არ დაუშვან ტრანსგენდერ ადამიანთა უფლებების შელახვა, ევროპის საბჭოს რეკომენდაციის თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ „სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი“ მექანიზმების შექმნა გენდერის სამართლებრივი აღიარებისათვის.[2]

უნდა აღინიშნოს, რომ სახელის შეცვლა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის დაბრკოლებას არ წარმოდგენს და ისინი დაუბრკოლებლად ახერხებენ შეიცვალონ სახელი საპირისპირო სქესის სახელით გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. თუმცა, საქართველოში არ არსებობს გენდერის სამართლებრივი აღიარების მარეგულირებელი კანონმდებლობა. საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ ითვალისწინებს სქესის შეცვლის თეორიულ შესაძლებლობას[3], თუმცა საკონონმდებლო დონეზე არ არის განსაზღვრული ‘სქესისი შეცვლის’ დეფინიცია, წინაპირობები და პროცედურები. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ტრანსგენდერი ადამიანები ვალდებულნი არიან სამინისტროს წარუდგინონ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული „ცნობა სქესის შეცვლის შესახებ“. თუმცა, სამინისტრო სქესის შეცვლის წინაპირობად არსებითად სქესის ქირურგიულ შეცვლას გულისხმობს. აღნიშნული გადაწყვეტილებაზე სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ასევე დაადასტრურა, რომ „სამოქალაქო აქტის ჩანაწერში სქესის აღმნიშვნელი მონაცემების შეცვლა, რეალურად მიღწევადია მხოლოდ, მისი თავისუფალი ნების საფუძველზე, განხორციელებული სამედიცინო, ოპერაციული ჩარევის გზით."[4] ნიშანდობლივია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, სქესის შესახებ ჩანაწერის არცერთი ცვლილების აქტი არ განხორციელებულა.[5]

შესაბამისად, საკანონმდებლო ვაკუუმი და შექმნილი ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკა ტრანსგენდერმა ადამიანებს სქესის კვლავმინიჭების ისეთ სამედიცინო პროცედურას სთხოვს, რაც არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება.[6] აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პრობლემა ასევე გაზიარებულია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით მომზადებულ დოკუმენტში.[7]

აქვე უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებით მწვავედ დგას თავად სქესის კვლავმინიჭების სამედიცინო პროცედურების რეგულირებისა და ხარისხის საკითხი. აღნიშნული პროცედურების ჩატარების სურვილის შემთხვევაშიც კი, ტრანსგენდერ ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ ხარისხიან სამედიცინო სერვისზე, რადგან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არ გააჩნია სქესის კვლავმინიჭების სამედიცინო პროცედურების კლინიკური გაიდლაინი და პროტოკოლი.[8] ხოლო, ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემა სრულად უგულებელყოფს ტრანსგენდერი ადამიანების სპეციფიკურ საჭიროებებს.

საკითხის ამგვარი ბუნდოვანება სრულ სამართლებრივ და სოციალურ ვაკუუმში აქცევს საქართველოში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს და ქვეყანაში არსებული მაღალი ტრანსფობიური ფონის გამო, სქესის სამართლებრივი აღიარების პროცედურის არ არსებობის პრობლემა აღრმავებს მათ მიმართ დისკრიმინაციას, ძალადობას, დასაქმებას, სოციალურ ექსკლუციას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კოალიცია თანასწორობისთვის“მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

 

  • არ დაუშვას საჯარო მოხელეთა და განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის მქონე პირთა მიერ ტრანსგენდერ ადამიანებთან დაკავშირებული სტიგმისა და სტერეოტიპების გამყარება და ჯგუფის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის;

  • საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოსშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთანკოორდინირებით, უზრუნველყოს სწრაფი, გამჭვირვალე,ხელმისაწვდომი რეგულაციებისა და ადმინისტრაციულიპრაქტიკის შექმნა, რაც ტრანსგენდერ ადამიანებსსაშუალებას მისცემს, შეცვალონ გენდერული მარკერისახელმწიფო თუ კერძო დაწესებულების მიერ გაცემულ ყველადოკუმენტში. მნიშვნელოვანია, რომ მითითებული პროცედურამკაფიოდ იყოს გამიჯნული სამედიცინო ტრანზიციისპროცესისგან.

 

კოალიცია თანასწორობისთვის

 

„კოალიცია თანასწორობისთვის“ არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ხელშეწყობით შეიქმნა და რვა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

 

კოალიციის წევრები არიან: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), “კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, კავშირი „საფარი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)” და „იდენტობა“.

 

[1] ლიბერალი: http://liberali.ge/news/view/37592/tsulukiani-reforma-romelits-ar-gavatare-aris-transgenderi-adamianebistvis-sqesis-aghiareba

 

[2] რეკომენდაცია მინისტრთა კომიტეტმა 2010 წლის 31 მარტს მიიღო, მინისტრების მოადგილეების 1081-ე შეხვედრაზე. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?id=1606669 იხ. რეკომენდაციის დანართის 20-22 პუნქტები.

 

[3] იხ. საქართველოს კანონის „სამოქალაქო აქტების შესახებ“ 78-ე მუხლის „ზ“ პუნქტი.

 

[4] თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბრის განჩინება საქმეზე №N3/ბ-1535-16.

 

[5] სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 7 სექტემბრის წერილი №01/238186.

 

[6] 2017 წელს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) ორი ტრანსგენდერი პირის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე უარის გამო. განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სახელმწიფომ მათი გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე უარით დაარღვია კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მუხლები, მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლთან ერთობლიობაში.

 

[7] მექანიზმის გაუმართაობასა და რეგულირების პრობლემაზე მიუთითებს 2018 წელს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით ჩატარებული კვლევაც: „გენდერული თანასწორობა საქართველოში - ბარიერები და რეკომენდაციები“. კვლევის შედეგად შემუშავდა რეკომენდაცია, რომ „საქართველოს კანონში სამოქალაქო აქტების შესახებ უნდა შევიდეს ცვლილება, რომელიც ტრანსგენდერი პირებისათვის უზრუნველყოფს სახელის, გვარისა და გენდერის შეცვლის ხელმისაწვდომ და მარტივ პროცედურას“.

 

[8] ე. აღდგომელაშვილი. ნ. გვიანიშვილი. თ. თოდუა. ც. რატიანი. „ტრანსგენდერ ადამიანთა საჭიროებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“, WISG. თბილისი. 2015. გვ: 34. ხელმისაწვდომია აქ: http://women.ge/publications/52/ 2017 წელს WISG-მა თარგმნა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიაწოდა „ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის მსოფლიოს პროფესიული ასოციაციის“ (WPATH) მიერ შემუშავებული “ზრუნვის სტანდარტები ტრანსსექსუალი, ტრანსგენდერი და გენდერულად არაკონფორმული პირების ჯანმრთელობისთვის”. სამინისტროს ამ დრომდე არ უცნობებია თუ რა ღონისძიებებს გაატარებს ამ სტანდარტების შესაბამისი კლინიკური გაიდლაინებისა თუ პროტოკოლების მომზადების თვალსაზრისით.