GDI-ის განცხადება შოთა პაკელიანის საქმესთან დაკავშირებით

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა პროკურატურას მოუწოდებს შოთა პაკელიანს მის მიმართ განხორციელებულ წამების, ღირსების შემლახავ, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობის ფაქტთან დააკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში დაუყოვნებლივ მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი.

 

მედიაში გავრცელებული კადრებით ირკვევა, რომ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული პაკელიანი არა დაკავებისას, როგორც ეს ჩხრეკისა და ამოღების ოქმშია მითითებული, არამედ  დაკავების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების შენობაში გაჩხრიკეს და გარეშე პირების თანდასწრებით გააშიშვლეს.

 

შოთა პაკელიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე, რაც აშკარად შეიცავს წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ნიშნებს (სსკ-ის 1441,1443 მუხლები), პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, პოლიციელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების კვალიფიკაციით მიმდინარეობს (სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

საგანგაშოა ის გარემოებაც, რომ GDI-ის არაერთი მიმართვის მიუხედავად, პროკურატურას შოთა პაკელიანი დღემდე დაზარალებულად არ უცვნია. ეს მაშინ, როდესაც პროკურატურაში ადასტურებენ, რომ მედიაში გავრცელებული კადრები წინამდებარე გამოძიების ფარგლებში მათაც აქვთ გამოთხოვილი და ეს მასალები უკვე დიდიხანია დევს სისხლის სამართლის საქმეში. გავრცელებულ კადრებში ასახული ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს პირის დაზარალებულად ცნობის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს. აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეში მსხვერპლის დაზარალებულად ცნობისთვის თავის არიდება კარგად დამკვიდრებულ მავნე პრაქტიკად არის ქცეული.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თნახმად, თუ პირს აქვს საფუძვლიანი საჩივარი, რომ ის პოლიციის ან სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლების მხრიდან დაექვემდებარა წამებას, ღირსების შემლახავ და არაადამიანურ მოპყრობას, სახელმწიფო ვალდებულია საქმეზე ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში დადგება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის გამო (Assenov v. Bulgaria; Audin v. Turky). წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის საქმის ეფექტური გამოძიება კი თავის თავში მოიაზრებს მსხვერპლისთვის კონვენციის მე-13 მუხლით გარანტირებული ეფექტიანი დაცვის სამართლებრივი საშუალებების მინიჭების აუცილებლობას. ამ შემთხვევაში მსხვერპლისთვის ეფექტიანი დაცვის სამართლებრივი საშუალების მინიჭება გულისხმობს პირი იყოს მომჩივანი და გააჩნდეს აუცილებელი პროცედურული გარანტიები სახელმწიფო მოხელეთა უკანონობის წინააღმდეგ.

 

სისხლის სამართლის საქმეში მსხვერპლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება არის ერთადერთი გზა ჰქონდეს ეფექტიანი დაცვის სამართლებრივი საშუალებები და სარგებლობდეს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით.

 

ზოგადად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან საგანგაშოდ გახშირებული წამების, დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტები და პროკურატურის მხრიდან მათზე არაეფექტური რეაგირება, კიდევ ერთხელ, მთელი სიმწვავით წარმოაჩენს ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არსებობის აუცილებლობას.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მოვუწოდებთ პროკურატურას:

 

  • დაუყოვნებლივ მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი შოთა პაკელიანს მის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამოძიების ფარგლებში;

  • შეცვალოს და სწორი კვალიფიკაცია მისცეს შოთა პაკელიანის მიმართ პოლიციელთა მიერ განხორციელებულ წამების, არაადამიანური, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებს;