GDI-ის დახმარებით თბილისის საქალაქო სასამართლომ მოძალადე ქმრისგან (მამისგან) ქალისა და მათი სამი შვილის დასაცავად დამცავი ორდერი გამოსცა

2018 წლის 21 თებერვალს, ძალადობის მსხვერპლი მაკა ჭ.-ს და მისი სამი შვილის, მათ შორის, როგორც ძალადობის მოწმე ბავშვის, უფლებების დაცვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლომ  მოძალადე ქმრისგან (მამისგან) დამცავი ორდერი გამოსცა.

 

2018 წლის 13 თებერვალს, GDI-ს იურიდიული კონსულტაციითა და ხელშეყობით, მაკა ჭ.-მ, რომელიც ოჯახში 23 წლიანი სისტემატური ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლია, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. 21 თებერვალს გაიმართა სხდომა, სადაც განმცხადებლები მოძალადისგან გარკვეული ქმედებების, მათ შორის, ძალადობის შემსწრე არასრულწლოვანი შვილის მიმართ, უფლებამოსილების შეზღუდვას ითხოვდნენ, რაც სასამართლომ გაიზიარა.

 

მოძალადე გოჩა ა.-ს აეკრძალა საკუთარ სახლთან (მსხვერპლთა საცხოვრებელთან), სამუშაო, სასწავლო და ყველა იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მაკა და მისი შვილები იქნებიან. ასევე, მოძალადეს აეკრძალა ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამცავი ორდერი გამოსცა მაქსიმალური ვადით, რაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით  6  თვეს შეადგენს.

 

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ მაკა ჭ.-სა და მისი შვილების ინტერესებს იცავს პროექტის „სამართალწარმოება თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება East-West Management Institute, PROLoG, USAID – ის ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების სამართლებრივი სტატუსის გაუმჯობესებას. Promoting Rule of Law in Georgia Activity - PROLoG