ბიზნესმენი გიორგი გუგუმბერიძის ადმინისტრაციული დაკავება თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო და საქმის წარმოება შეწყვიტა

2017 წლის 01 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მოთხოვნა ბიზნესმენ გიორგი გუგუმბერიძის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობისა და სახდელის დაკისრების თაობაზე და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სამართალწარმოება შეწყვიტა. შპს „გირო კრედიტის“ დამფუძნებელი და დირექტორი, გიორგი გუგუმბერიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 2017 წლის 10 იანვარს საკუთარ სახლში, უკანონოდ დააკავეს, ხოლო პოლიციის შენობაში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

დაკავებას საფუძვლად დაედო გუგუმბერიძის უარი პოლიციელთა უკანონო მოთხოვნაზე, გამომძიებლის დადგენილებისა და სასამართლოს განჩინების წარდგენის გარეშე, მათთვის გადაეცა კომპანიის სათვალთვალო კამერის ვიდეო ჩანაწერები.

 

ბიზნესმენმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა. გიორგი გუგუმბერიძის განცხადებები წარმოებაში მიიღო საქართველოს სახალხო დამცველმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმაც.

 

იურიდიულ დახმარებას გიორგი გუგუმბერიძეს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ უწევს.