სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების ხარვეზები და მსხვერპლთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში ანგარიშის პრეზენტაცია

2018 წლის 8 ოქტომბერს, GDI-მ  ბოლო წლებში სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების ხარვეზებისა და მსხვერპლთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

ანგარიშში გაანალიზდა GDI-ს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოებაში არსებული 48 საქმე, 9 მსხვერპლისა და 132 ადვოკატის გამოკითხვის შედეგები. შესწავლილ იქნა საერთო სასამართლოებიდან გამოთხოვილი განაჩენები და მთავარი პროკურატურიდან მიღებული სტატისტიკური ინფორმაცია. ასევე, გაანალიზდა საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები. ანგარიშში მიმოხილულია  ამ მიმართულებით არსებული ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩო და საერთაშორისო სტანდარტები. ანგარიშში ასევე წარმოდგენილია გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის გზები და რეკომენდაციები.

ანგარიშში გამოკვეთილია მნიშვნელოვანი პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზები, კერძოდ:

საკანონმდებლო ხარვეზები:

  • „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ვერ პასუხობს სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა გამოძიების კუთხით არსებულ  გამოწვევებს;

  • სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებული მთავარი პროკურორის ექსკლუზიური უფლებამოსილება - საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად გამოძიება ერთი ორგანოდან მეორეს გადასცეს - კვლავ ტოვებს არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა გამოძიების ინსტიტუციური, იერარქიული და პრაქტიკული მიკერძოების საფრთხეებს;

  • საპროცესო კანონმდებლობით დაზარალებულს კვლავ არ გააჩნია სისხლის სამართლის მასალების ასლების მიღების უფლება;

პრაქტიკული ხარვეზები:

  • სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ჩადენის ფაქტებზე უმეტეს შემთხვევაში არ იწყება გამოძიება, ან დაწყებული გამოძიება მნიშვნელოვნად ჭიანურდება;

    • სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ჩადენის საქმეებს ძირითადად არასწორი სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია ენიჭება;

    • არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების დიდი უმრავლესობა უშედეგოდ მიმდინარეობს და არ დგება სავარაუდო დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა;

    • ძირითადად პროკურატურა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლს არ ანიჭებს დაზარალებულის სტატუსს;

    • არ ხდება დაკავებულ მსხვერპლთა დროული გადაყვანა დროებითი მოთავსების იზოლატორში;

    • არასათანო მოპყრობის მსხვერპლები უმეტეს შემთხვევაში არ იყენებენ სახელმწიფოს უკანონო ქმედებებით მიყენებული ზიანის ანაზღარების სამართლებრივ ბერკეტებს.

პროექტი „პოლიციის მიერ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისმსხვერპლთა უფლებრივი  მდგომარეობისგაუმჯობესება კვლევისა და სტრატეგიული სამართალწარმოების გზით” ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF)  ფინანსური მხარდაჭერით. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან კვლევის ავტორები. იგი არ წარმოადგენს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ შეხედულებებს

 

ანგარიში სრული ვერსია