„აიისას“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას უხეშად არღვევს

2018 წლის 04 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლაშა თავართქილაძემ, საქმეზე თბილისის მერია „აიისას“ წინააღმდეგ, მიღებული გადაწყვეტილებით „აიისას“ მფლობელის გამოხატვის თავისუფლება უხეშად შეზღუდა. სასამართლომ „აიისას“ მფლობელი რეკლამის გავრცელების კანონით დადგენილი წესის დარღვევაში სამართალდამღვევად სცნო. სასამართლომ მეწარმე ანი გაჩეჩილაძე 500 ლარით დააჯარიმა, ამასთანავე, კონკრეტული რეკლამის გავრცელება და ამ რეკლამით უკვე გავრცელებული პროდუქტის საბაზრო მიმოქცევიდან ამოღება დაავალა.

სასამართლომ ჩათვალა, რომ ანი გაჩეჩილაძის მიერ პრეზერვატივის შეფუთვაზე თამარ მეფის წარწერით „სამეფო კარი თამარში“, ტექსტის - „ძლევაი საკვირველი“, მარცხენა ხელის მტევნის (სასამართლომ მიიჩნია რომ ეს არის „მაკურთხეველი მარჯვენა“, რომლითაც მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები ჯვარს გამოხატავენ) და პანდას ფოტო, ტექსტით - „ჩამოვკრავდი მარა ნათლისღებაა“ (ტექსტი ქართული ჯგუფის მუსიკიდან - „ჩამოვკრავდი მარა ნათლისღბაა“) არის არაეთიკური და მსგავსმა გამოხატვამ საზოგადოების კონკრეტული ჯგუფის რელიგიური გრძნობები და ეროვნული ღირსება შელახა.

მიგვაჩნია, რომ სასამართლომ, ჩვენი, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი და საგანგაშო გადაწყვეტილება მიიღო. მან ჩათვალა, რომ ინდივიდების გამოხატვა უნდა შეიზღუდოს უმრავლესობის ან საზოგადოების კონკრეტული ჯგუფის სუბიექტური აღქმებით და შეხედულებებით რელიგიასა და მორალზე. შესაბამისად ვთვლით, რომ ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

აიისას-ს მფლობელის ანი გაჩეჩილაძის მიმართ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 02 მაისს შედგა. მერია მიიჩნევდა, რომ პრეზერვატივ „აიისას“ შეფუთვაზე დატანილი ვიზუალიზაცია არაეთიკურია, რადგან ლახავს საზოგადოებრივ მორალს, კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის რელიგიურ გრძნობებსა და ეროვნულ ღირსებას. თბილისის მერია პრეზერვატივის მწარმოებლის დაჯარიმებას (500 ლარის ოდენობით) და მისთვის მსგავსი შეფუთვისა და რეკლამის სამომავლო გამოყენების აკრძალვას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ საქმის განხილვისას სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგმლობა, რომლითაც სასამართლოსგან მოვითხოვდთ საქმის განხილვის შეჩერებას და „რეკლამის შესახებ“ კანონის იმ ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვას, რომლის შესაბამისადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იქნა შედგენილი და რომელიც ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას.

წუხილს გამოვთქვამთ იმის გამოც, რომ მოსამართლემ სათანადო რეაგირების გარეშე ტოვებდა დარბაზში დამსწრე პირების მხრიდან აიისას წარმომადგენლების შეურაცხყოფელ წამოძახილებს, რეპლიკებსა და მერიის წარმომადგენელთან პროცესის მიმდინარეობისას კომუნიკაციას. სასამართლომ მხოლოდ ერთ მსგავს ეპიზოდზე მოახდინა რეაგირება და დიმიტრი ლორთქიფანიძის სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ვერ აკმაყოფილებდა კანონის ფორმალურ და მატერიალური მოთხოვნებს. ოქმი იყო დაუსაბუთებელი და ვიზუალური მასალის არაეთიკურობასთან დაკავშირებით მერიის წარმომადგენლის პოზიცია ეფუძნებოდა აბსტრაქტულ შეფასებებს და მის სუბიექტურ წარმოდგენებს რელიგიის, მორალისა და ზნეობის შესახებ.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით ვთვლით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციასთან, ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მიერ რელიგიური გრძნობებისა და ეროვნული ღირსების დაცვის მოტივით სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი გადაწყვეტილება ცენზურის სახიფათო პრეცედენტია.