ხელისუფლება კრიტიკულ მედიას სასამართლოს გზით ებრძვის

2022 წლის 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნანა შამათავამ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე “გრიგოლ ლილუაშვილი შპს “ფორმულას”, შპს “მთავარი არხის” და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ.” სასამართლომ დააკმაყოფილა გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელი და შესაბამისად დაადგინა მის მიმართ ცილისწამების ფაქტი. 

საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელს, რომლითაც მან სადავოდ გახადა შპს „ფორმულას“ და შპს „მთავარი არხის“ ეთერში გავრცელებული განცხადებები, რომლებიც დანაშაულებრივ სქემაში, ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და მისი როგორც ამ უწყების ხელმძღვანელის  სავარაუდო ფიგურირებას უკავშირდება. 

მოპასუხე მედიის წარმომადგენლები უთითებდნენ, რომ ჟურნალისტების მიერ გაკეთებული განცხადებები წარმოადგენდა დასკვნებს, რასაც საკმარის ფაქტობრივ გარემოებებს აყრდნობდნენ და რის გამოც დაუშვებელია მათ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ. ამასთან, განცხადებების მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო უწყებების მხილება და არა კონკრეტულად გრიგოლ ლილუაშვილზე თავდასხმა. გარდა ამისა, ისინი მათ არგუმენტებს აყრდნობდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საერთო სასამართლოების პრაქტიკას.  

სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაიზიარა მედიის წარმომადგენლების პოზიციები, ხოლო შედეგად, მოსამართლე დაეთანხმა მოსარჩელეს და აღნიშნა, რომ ჟურნალისტის მიერ გაკეთებული განცხადებებით მოსარჩელეს შეელახა პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. 

ამასთან, საყურადღებოა, რომ სასამართლო დავის მიმდინარეობისას დამატებით რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა:

მოსამართლემ სუს-ის ხელმძღვანელის სარჩელის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა და მსგავსი კატეგორიის საქმეების განხილვის პრაქტიკისგან განსხვავებით, არაორდინალურად სწრაფად,  შემჭიდროებულ ვადებში, სარჩელის შეტანიდან ორ თვე ნახევარში განიხილა; 

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოპასუხე ტელეკომპანიების და დეპუტატის თითქმის არც ერთი შუამდგომლობა, მათ შორის შუამდგომლობები საქმის შეწყვეტასთან და მტკიცებულების დართვასთან დაკავშირებით; 

სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში, რომ სახეზე არ გვაქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომელიც განცხადების ცილისწამებლურად აღიარების შესაძლებლობას იძლევა. მათ შორის, არ დასტურდება ზიანი, რომელიც მოსარჩელეს მიადგა გავრცელებული განცხადებებით და მოსარჩელემ ვერც ის დაამტკიცა, რომ მოპასუხეები მოქმედებდნენ აშკარა და უხეში დაუდევრობით; 

მოსარჩელემ თავისი პოზიცია დაამყარა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებების მანიპულაციურ განმარტებებს, რაც სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენდა; 

სასამართლომ არ გაითვალისწინა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებით გამოწვეული საფრთხეები. მათ შორის ყურადღება არ გაუმახვილებია იმაზე, რომ სარჩელი შეტანილია სუს-ის ხელმძღვანელის მიერ, რომელსაც მედიაში გავრცელებული კრიტიკული მოსაზრებების მიმართ მეტი თმენის ვალდებულება გააჩნია.

საყურადღებოა, რომ მედიაში გაკეთებული კრიტიკული განცხადებები არაერთხელ ყოფილა  სასამართლო დავის დაწყების საფუძველი, განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლების ინიციატივით. მსგავსი ტენდენცია წარმოადგენს სასარჩელო მექანიზმის ბოროტად გამოყენებას, ხოლო მიზნად ისახავს ჟურნალისტების/მედიის გაჩუმებასა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას (ე.წ SLAPP სარჩელები). ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უსაფუძვლო სარჩელების შეტანის ტენდენციის გათვალისწინებით კი, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ქმნის განსაკუთრებით საშიშ პრეცედენტს, ვინაიდან არსებობს იმის მოლოდინი, რომ საჯარო პირების მხრიდან გაიზრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მართლმსაჯულების ობიექტად ქცევის შემთხვევები. 

შპს “ფორმულას” ინტერესებს სასამართლოში GDI იცავს. GDI მედიის თავისუფლების საკითხებზე საქმიანობას, მათ შორის განხილულ საქმეზე იურიდიულ მხარდაჭერას ახორციელებს ევროპული დემოკრატიის ფონდთან (EED) პარტნიორობითა და მხარდაჭერით, პროექტის „მედიის თავისუფლების დაცვა კანონმდებლობაში, ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლო პრაქტიკაში რეგულაციების გაუმჯობესების გზით“ ფარგლებში.