გამოხატვის თავისუფლება

სააპელაციო საჩივარი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ დადგენილების გაუქმებისა და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

GDI-ს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლის, ვალერიანე ფილიშვილის 2019 წლის 21 ნოემბრის დადგენილება ზურაბ ბერძენიშვილის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობისა და მისთვის სანქციის სახით 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ და შეწყდეს მის  მიმართ ადმინისტრაციული წარმოება. 

2019 წლის 21 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, ვალერიანე ფილიშვილმა ზურაბ ბერძენიშვილი ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ასკ-ის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში და მას სანქციის სახედ და ზომად განუსაზღვრა 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა. ამასთან, მოსამართლემ დაკავების ვადის ნაწილი ერთი სრული დღე (24 საათი) ჩაუთვალა მოხდილად, ხოლო მოსახდელ ვადად განუსაზღვრა 6 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა. 

ამასთანავე, მოსამართლემ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის არ არსებობის გამო ზურაბ ბერძენიშვილი არ ცნო სამართალდამრღვევად ასკ-ის 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში და ამ ნაწილში შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება.

ფაქტობრივი გარემოებები

2019 წლის 18 ნოემბერს ზ. ბერძენიშვილი იმყოფებოდა პარლამენტის შენობის მიმდებარედ, 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც ადმინისტრაციული წესით დააკავეს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელმა.  მის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი ამტკიცებს: „2019 წლის 18 ნოემბერს ქ. თბილისში 9 აპრილის ქუჩაზე სადაც იმართებოდა საპროტესტო აქცია მოქ. ზურაბ ბერძენიშვილი არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, მრავალჯერადი პოლიციის მხრიდან განხორციელებული კანონიერი მოთხოვნების მიუხედავად იგი კვლავ არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს არ ემორჩილებოდა პოლიციის მოთხოვნას რის შემდგომაც დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით.“

ამავე ოქმის მიხედვით, ზ. ბერძენიშვილის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით.

GDI-ს მიაჩნია რომ დადგენილება უკანონოა, რადგან ეფუძნება ფორმალურად უკანონო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს. კერძოდ, ასკ-ის 240-ე მუხლი ადგენს სამართალდარღვევის ოქმის არა მხოლოდ ფორმალური, არამედ მისი მატერიალური კანონიერების საკითხებს. ამ მუხლის თანახმად სამართალდარღვევის ოქმი უნდა შეიცავდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი კი პირდაპირ კავშირშია ოქმის მატერიალურ კანონიერებასთან. სამართალდარღვევის არსი არის სწორედ ის მოცემულობა, რაც ზღუდავს სასამართლოს მისი ფარგლებით და უკრძალავს, გადაწყვეტილების მიღებისას გასცდეს მის ფარგლებს.  მართალია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედებს ინკვიზიციურობის პრინციპი, თუმცა, ინკვიზიციურობის პრინციპის გამოყენების არსი მოიცავს ამ შემთხვევაში პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებების დაცვისკენ მიმართულ ქმედებებს რამაც უნდა დააბალანსოს სახელმწიფოს, როგორც დიდი რესურსის მქონე პროცესის მონაწილის/მხარის დომინანტური მდგომარეობა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, როდესაც სანქცია მომეტებული ინტენსივობით იჭრება ადამიანის თავისუფლებში, აუცილებელია შესაბამისი საპროცესო გარანტიების არსებობა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სადავო დადგენილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ის უნდა გაუქმდეს, ამასთან უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, ზურაბ ბერძენიშვილის მიმართ.

.