სიახლეები

18
დეკემბერი2013

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადება ვანო მერაბიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს 17 დეკემბერს ივანე მერაბიშვილის მიერ სასამართლო დარბაზში გაკეთებულ განცხადებაში მოყვანილ ინფორმაციაზე ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატური რეაგირების გამო და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე. ამავდროულად უზრუნველყოფილი იყოს გამოძიების ობიექტურად, შემჭიდროვებულ ვადებში წარმართვა და მაქსიმალური გამჭვირვალობა, რათა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე პასუხი გაეცეს არსებულ კითხვებს. ასევე აუცილებლად მივიჩნევთ დროუალდ მოხდეს სათანადო ვიდეომასალის ამოღება შესაბამისი უწყებებიდან, რომელიც სიცხადეს შეიტანს ყველა ამ ბრალდებაში. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული მასალები განადგურებული არ იქნება და ის მოგვიანებით ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვისაც.

2013 წლის 17 დეკემბერს,  ყოფილმა პრემიერ მინისტრმა – ვანო მერაბიშვილმა, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას განცხადება გააკეთა მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რაშიც მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაადანაშაულა. ექსპრემიერის განცხადებით, პარასკევს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მისივე ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში.

მერაბიშვილმა განაცხადა: “იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. ერთ-ერთი იყო პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე. მან წამომიყენა ულტიმატუმი, რომ თუ არ დავეხმარები პროკურატურას ჟვანიას საქმის გამოძიებაში და თუ არ მივაწოდებ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებს, მაშინ ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდები. მე მკაფიოდ გამოვხატე ჩემი აზრი, რომ კორუფციაში სააკაშვილის დადანაშაულება სასაცილოა. ასევე, ვუთხარი. რომ თავად გაეცნენ ზურაბ ჟვანიას საქმის მასალებს და ნუთუ ვერ დარწმუნდნენ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება უნაკლოა. მან მითხრა, რომ თუ ამ ორ მოთხოვნას შევასრულებდი, მაშინ მომცემდა ქვეყნიდან გასვლის შანსს, ასევე გამატანინებდნენ “მოპარულ” ფულს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პარტიულ თუ არაპარტიულ მეგობრებსაც დაიჭერდნენ“.

აღნიშნულ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები საგანგაშოა და შეიცავს საკმაოდ სერიოზულ ბრალდებებს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას სახელმწიფო სერიოზულად უნდა მოეკიდოს და უზრუნველყოს სწრაფი, ობიექტური და ეფექტური გამოძიების ჩატარება. აღნიშნული განსაკუთრებით აუცილებელია იმ ფონზე, როდესაც სავარაუდო ზეწოლის ფაქტი დაკავშირებულია ყოფილ პრემიერმინისტრთან, რომლის მიმართ პატიმრობის გამოყენებისა და მიმდინარე საქმის სიმყარის თვალსაზრისით საზოგადოებაში სამართლიანად არსებობს მთელი რიგი კითხვები.

განსაკუთრებით დამაფიქრებელია მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა პირველადი შეფასებები გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით. საჯარო პირების მიერ გაკეთებული განცხადებები ასახავს გარკვეულ წინასწარ განწყობებს და საფრთხის შემცველია გამოძიების ობიექტურობის და მიუკერძოებლობის თვალსაზრისით. მათ შორის ყველაზე საგანგაშოა თავად პროკურატურის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ არ აპირებენ ხსენებული საქმის გამძიებას.

არანაკლებ დამაფიქრებელია პარლამენტარ თინათინ ხიდაშელის განცხადებაც, რომელმაც რამდენჯერმე აღნიშნა, რომ თუ მერაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსი არ დადასტურდება, ის უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში ცრუ ბრალდებისთვის. აღნიშნული პოზიცია შემაშფოთებელია და ეწინააღმდეგება საქართველოში არსებულ საკანონმდებლო წესრიგს.