სიახლეები

18
მარტი2022

განცხადება „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების მიერ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით

GDI ეხმაურება და გმობს აქტივისტების მიმართ პრორუსული ჯგუფის, „ალტ-ინფოს“, წარმომადგენლებისა თუ მხარდამჭერების მიერ განხორციელებულ მუქარას და მხარდაჭერას უცხადებს ყველა იმ პირს, ვინც ღიად უცხადებს პროტესტს პრორუსული გავლენების გავრცელებას საქართველოში.

14 მარტს აქტივისტმა, სამირა ბაირამოვამ, მარნეულში „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისს დაახატა უკრაინისა და ევროკავშირის დროშები და ფასადზე დაწერა: „რუსეთი ოკუპანტია“. ამ სახით მან ოფისის გახსნა მშვიდობიანად გააპროტესტა. საპასუხოდ, ბაირამოვამ „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებისა თუ მხარდაჭერებისგან არაერთი (მათ შორის სიცოცხლის მოსპობის) მუქარა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ პრორუსული ჯგუფის მხარდამჭერები ასევე ძალადობით დაემუქრნენ მათ, ვინც სხვადასხვა რეგიონში „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისების გახსნას ეწინააღმდეგება.  მაგალითად, მესტიაში „ალტ-ინფოს“ პრორუსული პარტიის მიმართ ადგილობრივი ახალგაზრდების პროტესტს „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრებსა და ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მესტიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, პარტიის წევრები ღიად აცხადებდნენ, რომ მსგავსი შემთხვევების აღმოსაფხვრელად, ისინი კვლავ მიმართავდნენ ძალადობრივ გზებს. „ალტ-ინფოს“ ოფისის გახსნას პროტესტი მოჰყვა ოზურგეთშიც, სადაც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება გეგმავდა აქციას მათ წინააღმდეგ. აქციის დაანონსებას შედეგად მოჰყვა „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრების მუქარისშემცველი განცხადებები სოციალურ ქსელში - აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებისთვის სამოქალაქო საზოგადოებამ განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ პროკურატურას.    

ასევე საყურადღებოა საგარეჯოში ნაციონალური მოძრაობის ოფისის დარბევა მას შემდეგ, რაც პარტიის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს „ალტ ინფოს“ პარტიის ოფისის გახსნის საპროტესო აქციაში. ასევე საგანგაშოა „ალტ ინფოს“ პარტიის ზუგდიდის ოფისთან „მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე კასტეტებით შეიარაღებული პირების მიერ თავდასხმა მაშინ, როდესაც „მთავარი არხის“ ჯგუფი იღებდა, თუ როგორ შლიდა ზუგდიდის მერიის დასუფთავების სამსახური ოფისის კედლებზე დახატულ უკრაინის დროშასა და სხვა წარწერებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამირა ბაირამოვას შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო. ნაციონალური მოძრაობის ოფისის დარბევასთან დაკავშირებით კი - 160-ე და 187-ე მუხლებით, ხოლო მთავარი არხის გუნდზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულია რამდენიმე ადამიანი და გამოძიება მიმდინარეობს 154-ე მუხლით. მიუხედავად ცალკეულ შემთხვევებში გამოძიების დაწყებისა, გადამწყვეტია მისი ეფექტურად წარმართვა, და ყველა პასუხისმგებელი პირის მკაცრად დასჯა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერების წარსული ძალადობრივი ქმედებების ფონზე მათ მიერ მუქარის განხორციელების რისკი რეალურია.

“ალტ-ინფოს” მიერ პარტიის ოფისების გახსნა და ზოგადად გააქტიურება საყურადღებო და საშიშია, განსაკუთრებით კი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. „ალტ-ინფო“ ავრცელებს პრორუსულ პროპაგანდისტულ ინფორმაციას, მათ შორის ამართლებს უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს და აფერხებს ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, სათანადოდ გამოიძიონ „ალტ-ინფოს“ მხრიდან მუქარისა და ძალადობის თითოეული შემთხვევა, გამოავლინონ და მკაცრად დასაჯონ ყველა დამნაშავე.