სიახლეები

20
ივლისი2020

საქართველოში ასობით მსჯავრდებული, კონსტიტუციის დარღვევით, არაადამიანურ და დამამცირებელ სასჯელს იხდის

GDI საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გადადგას პროაქტიური ნაბიჯები და მოსახმარად გამოუსადეგარი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თავისუფლებააღკვეთილი პირები არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელისგან გაათავისუფლოს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით, მოსახმარად გამოუსადეგარი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი ქმედებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაადამიანურ და დამამცირებელ სასჯელს წარმოადგენდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ამავე საქმეში მიუთითა, რომ საერთო სასამართლოებმა ექსპერტის დახმარებით უნდა განსაზღვროს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში რა ჩაითვლება მოხმარებისთვის გამოუსადეგარ ნარკოტიკულ საშუალებად.

ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებული არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენების დაუშვებლობა აბსოლუტური უფლებაა და მისი გამოყენება ლახავს ადამიანის ღირსებას. „საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. ანუ, კონსტიტუციური აკრძალვა ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების თაობაზე ადამიანების აბსოლუტური უფლებებია, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას.[1] თავის მხრივ კი, „ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე... ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება...”.[2] 

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება ვერ დაელოდება მსჯავრდებულებს თვითონ ჩაატარონ ექსპერტიზა და მიმართონ სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. არ არსებობს არგუმენტი, რაც არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის შეფარდებას გაამართლებდა. ამასთანავე, საქართველოს პროკურატურას ისევე აქვს საქმეზე ექსპერტიზის დანიშვნისა და განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნის უფლება, როგორც დაცვის მხარეს. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ამნისტიის შესახებ კანონი და მნიშვნელოვნად შეამსუბუქოს არსებული მდგომარეობა. შესაბამისად, 2020 წლის 4 ივნისის შემდეგ, ასობით მსჯავრდებული არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის შეფარდებას ექვემდებარება და მათი ღირსების ყოველწამიერი ხელყოფა ხელისუფლების პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ GDI-ს შუამდგომლობა ერთ საქმეზე უკვე დააკმაყოფილა. სასამართლომ გადასინჯა განაჩენი, გააუქმა 5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა და მსჯავრდებული გაათავისუფლა პენიტენციური დაწესებულებიდან. GDI აგრძელებს უფასო იურიდიულ დახმარებას მსჯავრდებულთათვის, თუმცა ხელისუფლების პროაქტიურობის გარეშე ადამიანთა ღირსების ხელყოფა მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.



[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, პარ 19

[2] (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”, II-30