სიახლეები

17
მარტი2021

საზოგადოებრივი ორგანიზაციები გმობენ პარლამენტის მიერ ეთნიკური უმცირესობების დიასპორად განხილვის გადაწყვეტილებას

15 მარტს მედია საშუალებებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. ხელმომწერი ორგანიზაციები ზოგადად მივესალმებით პარლამენტში ეროვნულ უმცირესობებისთვის საკონსულტაციო მექანიზმის შექმნის იდეას, თუმცა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია უმცირესობათა საკონსულტაციო საბჭოს შექმნა დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე, რაც აძლიერებს ეთნიკური უმცირესობების სხვა სახელმწიფოებთან დაკავშირების წარმოდგენას და ინკლუზიური, თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოების  მშენებლობის პროცესს არსებითად აზიანებს და უკან ხევს. კრიტიკას ვერ უძლებს, უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს მიერ საკუთარი მოქალაქეების, ჩვენს სახელმწიფოში ისტორიულად მცხოვრები ჯგუფების დიასპორად განხილვის მიდგომა, რომელიც არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპების გაუაზრებლობას აჩვენებს, არამედ ინტეგრაციის პროცესს მკვეთრად აზიანებს და არადომინანტურ ჯგუფების გაუცხოებას უწყობს ხელს.  გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ამ დრომდე ბუნდოვანია  საკონსულტაციო საბჭოს მანდატი, მიზნები და ამოცანები და მისი შექმნაც არადემოკრატიულად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობის და ადამიანის უფლებათა აქტორების ფართე ჩართულობის გარეშე მოხდა, რაც ზოგადად  საბჭოს საქმიანობაში დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფის ნიშნებს უკვე ატარებს.    

დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის კომპეტენციაა კოორდინაცია გაუწიოს ქართულ დიასპორას და განსაზღვროს კავკასიის ხალხებთან პოლიტიკა, ხელი შეუწყოს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და კავკასიის ხალხებთან ურთიერთობას. ამ კომიტეტის ბაზაზე უკვე არსებობს 2017 წლის მარტში შექმნილი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომლის მთავარი ამოცანაა „უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან და  კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის გაღრმავების მხარდაჭერა; მიგრაციული პროცესების რეგულაციისა  და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის ხელშეწყობა“.

საპარლამენტო კომიტეტის ამ კომპეტენციების ფონზე გაუგებარია რატომ იქმნება მის ბაზაზე საკონსულტაციო საბჭო საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პრობლემების მოგვარების და ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობის მიზნით (როგორც ეს ოფიციალურ განცხადებაშია ნახსენები), რომელიც თავისი არსით უკვე ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს, ინტეგრაციის მიზნებს და ვერ ასახავს საქართველოში ისტორიულად მცხოვრები უმცირესობათა თემების სახელმწიფოებრივ იდენტიფიკაციას და რეალურ საჭიროებებს. ეს გადაწყვეტილება ცალსახად თანასწორობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაა, რადგან ეთნიკური ნიშნით განაცალკევებს საქართველოს მოქალაქეებს და გაუცხოების და გარიყულობის განცდას აჩენს. თუკი სახელმწიფოს მართლა აინტერესებს უმცირესობათა წინაშე არსებული სისტემური გამოწვევები და ინტეგრაციის პროცესი, გაუგებარია რატომ არ იქმნება საკონსულტაციო საბჭო ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ბაზაზე, რომლის პირდაპირი ამოცანაა სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, ამ მიმართულებით პოლიტიკის შემუშავება და განხორციელებაზე მონიტორინგი.     

ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აძლიერებს ეთნიკური უმცირესობების გეოპოლიტიკური პერსპექტივით დანახვის დისკურსს და წარმოდგენას, რომ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვა ნაცვალგების პრინციპზე დგას და სახელმწიფო იმ სტანდარტებით უნდა ეპყრობოდეს უმცირესობებს, როგორც სხვა ქვეყნები ეპყრობიან იქ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს. ეს მიდგომა გარდა იმისა, რომ არადემოკრატიულია, ის არ შეესაბამება ეროვნულ ინტერესებს და ისტორიის და დღევანდელობის არასწორ გაგებაზე მიანიშნებს.  აღსანიშნავია, რომ  ამ იდეას წარსულშიც აჟღერებდნენ ქართველი პოლიტიკოსები და როგორც ჩანს სახელმწიფოს არ ესმის, ვერ ხედავს იმ კრიტიკას, რაც ამ მიდგომასთან დაკავშირებით არსებობს უმცირესობათა ჯგუფებში.

კრიტიკას ვერ უძლებს ის ფაქტიც, რომ საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა უმცირესობათა ფართე ჯგუფებთან და ამ თემაზე მომუშავე ექსპერტებთან კონსულტაციების გარეშე. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის პროცესი უკვე ეწინააღმდეგება ჩარჩო კონვენციის ფარგლებში დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც მიუთითებს, რომ საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობა უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, მისი შემადგენლობა და შემადგენლობის შედგენის წესი უნდა განისაზღვრებოდეს დემოკრატიულად, უმცირესობათა მაღალი ჩართულობით და წარმომადგენლობით. იმ ფონზე, როცა ჯერ საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის საბჭოს დებულება, მისი კომპეტენციები და შემადგენლობა, რთულია იმის შეფასება თუ რამდენად შეესაბამება ის საკონსულტაციო მექანიზმებისთვის დადგენილ მოთხოვნებს და საუკეთესო პრაქტიკას. თუმცა საკონსულტაციო საბჭოს შექმნის პროცესი მის მიმართ უნდობლობის საუძველს უკვე ქმნის.  

საკონსულტაციო მექანიზმები უმცირესობების საზოგადოებრივი და პოლიტიკური მონაწილეობის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხს  წარმოადგენს. ევროპის საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მე-15 მუხლი საქართველოს ავალდებულებს „შექმნას შესაბამისი პირობები, რაც საჭიროა ეროვნულ უმცირესობას მიკუთვებული ჯგუფებისთვის კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ ცხოვრებაში და საჯარო საქმიანობაში ეფექტური მონაწილეობისთვის, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომელიც უშუალოდ მათ ეხებათ“. ამ მუხლის ქვეშ ჩარჩო კონვენციის ფარგლებში შექმნილი მრჩეველთა საბჭო სახელმწიფოებს აფასებს სამი მთავარი ასპექტის მიხედვით: 1) აქვს თუ არა სახელმწიფოს შექმნილი სხვადასხვა დონეზე (მთავრობა, საკანონმდებლო ორგანო, თვითმმართველობა) უმცირესობათა საკონსულტაციო მექანიზმები; 2) აქვს თუ არა მიღებული სახელმწიფოს სპეციალური ზომები არჩევით ორგანოებში უმცირესობების წარმომადგენლობის გასაზრდელად; 3) რამდენად არიან ჩართულები უმცირესობები ქვეყნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ/კულტურულ ცხოვრებაში.

საქართველოში საკონსულტაციო მექანიზმების შექმნასთან და განვითარებასთან დაკავშირებით მრჩეველთა კომიტეტი შეფასებების გამოქვეყნების პერიოდიდან საუბრობს (2009 წ). შეფასების სამივე ციკლის ფარგლებში კომიტეტი უთითებს, რომ ერთადერთი საკონსულტაციო მექანიზმი, რომელიც ქვეყანაში არსებობს არის სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო, თუმცა სახელმწიფოს მასთან არ აქვს ფორმალიზებული და ინსტიტუციონალიზებული კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გამოცდილება, სახელმწიფო არ ითვალისწინებს მის რეკომენდაციებს და მკაფიოდ არ არის განსაზღვრული მისი როლი, კომპეტენცია და მანდატი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.[1] შესაბამისად საქართველო მუდმივად იმსახურებდა კომიტეტის კრიტიკას უმცირესობათა მონაწილეობის უფლების განხორციელების იმ უმთავრესი კრიტერიუმის არასათანადო შესრულების გამო, რომელიც ინსტიტუციონალიზებული, დემოკრატიული, ინკლუზიური და რეალური საკონსულტაციო მექანიზმის დაფუძნებას გულისხმობს.  

ზემოთ აღნიშნულის  გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს:

  • დროულად გააუქმოს მისი გადაწყვეტილება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე უმცირესობათა საკითხებზე საკონსულტაციო საბჭოს  შექმნის შესახებ;
  • საკონსულტაციო საბჭოს მანდატის, კომპეტენციების, შემადგენლობის საკითხი დემოკრატიული კონსულტაციების პროცესის ფარგლებში დაგეგმოს, სადაც ჩართული იქნებიან ეთნიკური უმცირესობების თემების წარმომადგენლები, ორგანიზაციები, ასევე სხვა ექსპერტები და ადამიანის უფლებათა აქტორები;
  • საკონსულტაციო საბჭოს შექმნისას გაითვალისწინოს ევროპის საბჭოს მრჩეველთა კომიტეტის მიერ დადგენილი საერთაშორისო სტანდარტები და მოთხოვნები, ასევე სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა.

 

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

  1. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  2. პლატფორმა სალამი
  3. პანკისის სათემო ორგანიზაცია
  4. ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის
  5. ქართველ მუსლიმთა კავშირი
  6. სამოქალაქო დარბაზი
  7. სოლიდარობის პლატფორმა
  8. უფლებები საქართველო
  9. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
  10. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  11. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  12. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  13. თანასწორობის მოძრაობა
  14. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  15. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

 

 

 

 



[1] იხილეთ საქართველოზე გამოქვეყნებული შეფასება პირველი ციკლის ფარგლებში 2009 წელს - პარაგრაფი 202-205; მეორე ციკლის ფარგლებში 2012 წელს - პარაგრაფი 113. მესამე ციკლის ფარგლებში 2019 წელს - პარაგრაფი 136.