სიახლეები

05
ივნისი2020

საზოგადოებრივი ორგანიზაციები: მოვუწოდებთ მთავრობას დაეხმაროს სომხეთს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში

ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები სოლიდარობას ვუცხადებთ სომხეთის მოქალაქეებს და ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული საგანგაშო ვითარების გამო, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სოლიდარობისა და თანამშრომლობის ნიშნად მეზობელი ქვეყნის მოსახლეობას გაუწიოს დახმარება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხრიდან მხარდაჭერის მზადყოფნა გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯარო განცხადებაში დაადასტურა. არსებითია, ეს დახმარება დროულად და სომხეთის საჭიროებების მიხედვით სათანადოდ განხორციელდეს. ჩვენი რწმენით, კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური კრიზისი დაძლევადი მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობის პირობებში შეიძლება გახდეს და მნიშვნელოვანია ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენი რესურსების ფარგლებში, სოლიდარობის ამგვარი პოზიტიური პრაქტიკა შექმნას.

უკვე რამდენიმე დღეა სომხეთში ყოველდღიურად კორონავირუსის რამდენიმე ასეული ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ამ დრომდე სომხეთში დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევები 12,000-ს უახლოვდება, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 170-ს გადააჭარბა. ჯერ კიდევ 24 მაისს, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული 186 ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან - რომელიც საჭირო ყველაზე მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემთხვევებში ხდება - 154 უკვე დაკავებული იყო. მას შემდეგ ინტენსიური განყოფილებების რაოდენობა არ განახლებულა, თუმცა პირველ ივნისს პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ მძიმედ მიმდინარე შემთხვევების რაოდენობა 440-ს აღწევდა. სავარაუდოა, რომ მძიმე პაციენტთა რაოდენობა მატებას განაგრძობს, რადგან ბოლო დღეების მანძილზე სომხეთში ჩატარებულ ტესტთა 35-50% პოზიტიურია, რაც კორონავირუსის მოსახლეობაში გავრცელების საგანგაშო მაჩვენებელზე მიუთითებს.

ამის პარალელურად, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა წარმატებით ახერხებს როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობის კონტროლს, ისე ინფიცირებულთა ეფექტურ მკურნალობას. ჯანდაცვის მინისტრისა და სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენელთა განცხადებები საქართველოში არსებულ მარაგებსა და სამედიცინო რესურსებზე გვაფიქრებს, რომ ფართომასშტაბიანი რისკების თავიდან აცილების დათქმით, საქართველსო ჯანდაცვის სისტემას სომხეთისთვის ხელშესახები დახმარების გაწევა შეუძლია.

პანდემიური ვითარების შესამსუბუქებლად და მასშტაბური სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად საერთაშორისო სოლიდარობა და თანამშრომლობა აუცილებელი წინაპირობაა. მიმდინარე ეპიდემია სამომავლოდ იმ ქვეყნებშიც გაზრდის დაავადებების ახალი ტალღების გაჩენის რისკს, სადაც ამ დროისთვის COVID-19-ის კონტროლი ეფექტურად მიმდინარეობს.

პანდემიასთან დაკავშირებული სოციალური და ეკონომიკური კრიზისი საერთაშორისო ურთიერთობებს დამატებითი წნეხის ქვეშ აყენებს და სამწუხაროა, რომ რიგ შემთხვევებში, არსებულ ვითარებას იზოლაციონისტური და ავტორიტარული რიტორიკის გაძლიერება მოჰყვა. ამ ტალღის დასაპირისპირებლად, მნიშვნელოვანია კრიზისის დაძლევისკენ მიმართული ურთიერთთანამშრომლობისა და სოლიდარობის ახალი სტრატეგიისა და პრაქტიკის შექმნა. მეტიც, კრიზისული სიტუაცია, შესაძლოა, ქვეყნებსა და ადამიანებს შორის კონფლიქტის, გაუცხოების, ტრანფორმაციისა და სოლიდარობაზე დაფუძნებული პოზიტიური პოლიტიკის გატარების პირობაც აღმოჩნდეს.

ამ რთულ ვითარებაში მხარდაჭერის აღმოჩენა ჩვენი მეზობელი ხალხისთვის და ქვეყნებისთვის სომხეთთან კეთილმეზობლობის დადასტურება, ქვეყნებსა და მოქალაქეებს შორის მეგობრობაზე და სოლიდარობაზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ამასთან, საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამოვხატავთ მზადყოფნას, ჩვენი მანდატისა და რესურსების ფარგლებში, აღმოვუჩინოთ საჭირო მხარდაჭერა ჩვენს კოლეგებს.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ღია საზოგადოების ფონდი საქართველოში (OSGF)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • თანასწორობის მოძრაობა
  • კავშირი საფარი
  • პლატფორმა სალამი (Salam)