სიახლეები

08
ივლისი2014

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადება გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა შეშფოთებას გამოხატავს ქ.თბილისის ყოფილი მერის და ოპოზიციური პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსის, გიგი უგულავას დაკავებასა და აღნიშნულის თანმდევ მოვლენებთან დაკავშირებით, რასაც განსაკუთრებულობას სძენს წინასაარჩევნო კონტექსტი და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, იმოქმედონ კანონის უზენაესობის პრინციპის შესაბამისად, ეფექტურად და დროულად გამოიძიონ თითოეული უფლებადარღვევის ფაქტი.

2014 წლის 3 ივლისს, გიგი უგულავა დაკავებულ იქნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც იგი გამგზავრებას აპირებდა. გ.უგულავას ბრალი წაუყენეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) მუხლით, რასაც მოგვიანებით მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ იძულების და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებაც დაემატა. პროკურატურის განცხადებით, გ.უგულავას დაკავება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა და ამით თავიდან იქნა აცილებული ბრალდებულის მიმალვა სამართალდამცავი ორგანოებისგან.

მივიჩნევთ, რომ არ არსებობდა გიგი უგულავას დაკავების საფუძველი. პროკურატურისთვის ცნობილი იყო, რომ მიუხედავად სისხლის სამართლის ორ საქმეზე წაყენებული ბრალისა, გასულ პერიოდში გ.უგულავამ არაერთხელ დატოვა საქართველოს ტერიტორია, თუმცა იგი ყოველთვის დროულად ცხადდებოდა ყველა სასამართლო სხდომაზე და ემორჩილებოდა საგამოძიებო ორგანოების ყველა მოთხოვნას. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღით ადრე თბილისის საქალაქო სასამართლომ სხვა ბრალდებასთან დაკავშირებულ საქმეზე არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა გ.უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბრალდებულისთვის პასპორტის მოქმედების შეჩერების არანაირი საფუძველი.

გავრცელებული ინფორმაციით დაკავების შემდგომ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გ.უგულავას არ მიეცა ადვოკატთან შეხვედრის საშუალება, რაც დაკავებულის უფლებების უხეში დარღვევაა.

გ.უგულავასთვის ბრალის წაყენებით და მისი დაკავებით, გამომდინარე იქიდან, რომ იგი არის მთავარი ოპოზიციური პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსი და აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო პროცესებში,  დაირღვა ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ გამოცხადებული მორატორიუმი, რომლის თანახმადაც ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, არ განეხორციელებინა სამართლებრივი პროცედურები საარჩევნო კამპანიებში აქტიურად მონაწილე პირთა მიმართ. მორატორიუმის დარღვევა და ოპოზიციური პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსის დაკავება არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ცალსახად უარყოფითად აისახება საარჩევნო გარემოზე. აღნიშნულ ფაქტებს გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც, რომელმაც სპეციალური განცხადება გაავრცელა.

გიგი უგულავას დაკავებას თან მოყვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების და მხარდამჭერების აქტიური პროტესტი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საპასუხოდ მობილიზებული იქნა პოლიცია, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, დაეკავებინა აქციის მონაწილე რამდენიმე პირი.  აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების დროს გამოყენებული იქნა ძალა, დაშავდა არაერთი მოქალაქე, მათ შორის ერთი გადაყვანილი იქნა ღუდუშაურის სახ. ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც დაუდგინდა ტვინის შერყევა და დაენიშნა წოლითი რეჟიმი. მიუხედავად აღნიშნულისა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა საავადმყოფოში დააკავეს აღნიშნული პირი და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, რისი აუცილებლობაც, განსაკუთრებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არსებობდა და გაჩნდა მისი ჯანმრთელობის მდგომრეობის გაუარესების საშიშროება.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქალაქო სასამართლოს შენობასთან დაკავებულებს შორის იყო საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან ბეჟაშვილი. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის წევრის დაკავება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა. გამომდინარე იქიდან, რომ მოცემულ შემთხვევაში მას ბრალად არ წაყენებია დანაშაულის ჩადენა, მისი დაკავება უკანონო ხასიათისაა, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და წარმოადგენს დანაშაულს.

ზემოაღნიშნული გარემოებები საზოგადოების ნაწილში სამართლიანად აჩენს  ეჭვს გ.უგულავას დაკავების პოლიტიკური მოტივაციის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, შეისწავლოს ზემოხსენებული, მათ შორის დანაშაულის ფაქტები და განახორციელოს ადეკვატური რეაგირება.