სიახლეები

25
აგვისტო2022

“ქართული ოცნება” ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის მოშლას ცდილობს

„ქართული ოცნების მხრიდან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ წარმოებული აგრესიული კამპანია საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა. სამოქალაქო ორგანიზაციებზე თავდასხმა ქართული ოცნების მხრიდან ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის გათიშვის მიზანს ატარებს, რაც ავტორიტარიზმის კიდევ ერთი მკაფიო გამოვლინებაა და მისი ფორმირების შეუქცევად დინებაზე მიანიშნებს.

მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ 12 პუნქტიის შესრულებაზე მისსავე შექმნილ სამუშაო ჯგუფში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მონაწილეობა დაბლოკა, რასაც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ჯგუფებში მუშაობის შეჩერება მოჰყვა, მმართველი პარტია სამოქალაქო სექტორს თავს დაესხა.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, თავდასხმა არასამთავრობო ორგანიზაციების კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებაზე, მათი დახარისხება და ხელისუფლებისთვის მიუღებელ არასამთავრობო ორგანიზაციათა შავი სიის შექმნა  ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის უმნიშვნელოვანეს, ევროინტეგრაციის საკითხზე დაფიქსირებული პოზიციის გამო, სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა ქართულმა ოცნებამ ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი გაანეიტრალოს და ამ გზით საკუთარი დღისწესრიგით საქმიანობა გაიადვილოს.

საყურადღებოა, რომ მმართველი პარტია იმ ინდივიდებს, თუ ორგანიზაციებს ესხმის თავს რომლებიც აქტიურად აკვირდებიან ხელისუფლების საქმიანობას, აკრიტიკებენ აქამდე არსებულ სახიფათო პოლიტიკას, მოუწოდებენ ხელისუფლებას გადახედოს მის დღისწესრიგს და ევროინტეგრაციის, თუ ქვეყნის განვითარების გზაზე რეალური ნაბიჯების გადადგმა  დაიწყოს. 

მიგვაჩნია, რომ ქართული ოცნება იაზრებს შედეგს თუმცა, მსგავსი რიტორიკითა და ნაბიჯებით მიზანმიმართულად ცდილობს მოშალოს ყველა ბერკეტი, რომელიც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება. სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები და განცხადებებია მიზეზი იმისა, რაც ყოველდღიურად ბუნდოვანს ხდის საქართველოს დემოკრატიული განვითარების მომავალს, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების თვალში, რაც სრულად ქართული ოცნების პასუხისმგებლობაა. 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საქართველოს სასამართლოს გუშაგი

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

დემოკრატიის მცველები

მედიის განვითარების ფონდი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) 

უფლებები საქართველო

ქალები საერთო მომავლოსთვის (WECF) - საქართველო

საფარი

სამოქალაქო აქტივისტთა რეგიონული ქსელი

მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD)

ადამიანის უფლებათა ცენტრი

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი

დემოკრატიის ინდექსი - საქართველო


განცხადება ღიაა ხელმოწერისათვის