სიახლეები

07
მაისი2022

პოლიცია აგრძელებს მშვიდობიანი შეკრებისა და პოლიტიკური სიტყვის უკანონო, რეპრესიული გზით ჩახშობას

GDI ეხმაურება აჭარის მთავრობის სახლთან მშვიდობიანი შეკრების დაშლასა და აქციის მონაწილეების დაკავებას. ხელისუფლება, პოლიციის გამოყენებით აგრძელებს მისთვის მიუღებელი პოლიტიკური სიტყვისა და მშვიდობიანი შეკრების უკანონო, რეპრესიული გზით ჩახშობას.

2022 წლის 6 მაისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, გაშალეს კარვები, გამართეს სცენა და მემედ აბაშიძის გამზირის ნაწილი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას უცხოეთში და მის მიმართ პოლიტიკური დევნისა და არაადამიანური მოპყრობის შეწყვეტას. 7 მაისს, დაახლოებით 02:00 საათზე პოლიციამ დაიწყო კარვების აღება და შემდეგ დემონსტრანტების დაკავება ძალის გამოყენებით.  შსს-ს განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე დაკავებულია 25 პირი, მათ შორის არიან ბათუმის საკრებულოსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

GDI-ის პოზიციით, ხელისუფლება პოლიციის მიერ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების, ოპოზიციონერების დაკავებით  აგრძელებს კრიტიკულად განწყობილ პირთა მიმართ რეპრესიულ პრაქტიკას, რომლის დროსაც სახელმწიფო სათანადოდ არ უზრუნველყოფს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ამ უფლებებს ხშირად არღვევს სწორედ დაკავებების სახით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებზე მითითებით. მედიის მიერ გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ 7 მაისს აქციის დაშლის მომენტისათვის დემონსტრანტებზე ბევრად მეტი პოლიციელი იყო ადგილზე მობილიზებული და თითო აქტივისტს რამდენიმე პოლიციელი არაპროპორციული ძალის გამოყენებით აკავებდა. ვიდეოკადრებიდან ასევე ჩანს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პოლიციელებმა ძალის გამოყენებით დააკავეს აქციის მონაწილეები მხოლოდ იმის გამო, რომ დემონსტრანტებმა მათ კითხვა დაუსვეს, შეეპასუხნენ ან/და ხმამაღლა მიმართეს. აღნიშნული ლახავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ემსახურება მხოლოდ პროტესტის ჩახშობასა და კრიტიკის ცენზურას, რაც ქვეყანაში არადემოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. 

პოლიციამ, როგორც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ერთ-ერთმა გარანტმა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ბოროტად  გამოყენებით უკანონო დაკავებების პრაქტიკა უნდა შეწყვიტოს და პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.