სიახლეები

02
მაისი2013

განცხადება 2013 წლის პირველ მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ

2013 წლის პირველ მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპატრულო პოლიციის მიერ მოხდა „ლაბორატორია 1918“-ის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეთა დაკავება, რის მიზეზადაც პოლიციის უფლებამოსილი პირების მიერ აქციის მონაწილეთა მხრიდან კანონის დარღვევა დასახელდა.

აქციის მონაწილეთა მხრიდან ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლოა მართლაც ჰქონოდა ადგილი სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ჩადენას. თუმცა, იმავდროულად, გავრცელებული ვიდეომასალით იქმნება შთაბეჭდილება, რომ პოლიციელთა ნაწილს ავიწყდებოდა საკუთარი ქმედების მიზანი – ავტოტრანსპორტის სავალი ნაწილის გათავისუფლება – და მათი მოქმედებები ძირითადად ორიენტირებული იყო აქციაში მონაწილე პირების დაკავებაზე, მათ შორის ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილის ტერიტორიაზეც. მიგვაჩნია, რომ პოლიციას მსგავს შემთხვევებში შეეძლო სხვა, ნაკლებმტკივნეული ფორმების (ვიდრე დაკავებაა)  გამოყენებით სამართალდარღვევათა აღკვეთა. ასევე, სამწუხარო ფაქტია, რომ აქციის მონაწილეთა დაკავების პროცესში კვლავ მონაწილეობდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები და პოლიციელთა ნაწილი აქციის მონაწილეთა მიმართ იყენებდა შეურაცხმყოფელ ლექსიკას.  აქციის რამდენიმე მონაწილე უთითებს დაკავების შემდეგ მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის შესახებაც. მიგვაჩნია, რომ შს სამინისტრომ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა მოხდეს პოლიციელთა სათანადო გადამზადება მსგავს სიტუაციებში ადეკვატური და პროპორციული რეაგირებისათვის, ასევე გამოიძიოს ყველა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტი.

დაუშვებლად ვთვლით ჟურნალისტთა დაკავებას მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს. არაადეკვატურად მიგვაჩნია შს მინისტრის განცხადება, რომ „პოლიცია ადგილზე ვერ გაარკვევდა, ვინ იყო ჟურნალისტი და ვინ არა. მიკროფონი შეიძლება სტუდენტებმაც დაიჭირონ“. მსგავსი განცხადება საფრთხის შემცველია და შეიძლება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისათვის წამახალისებელ ფაქტორად იქცეს სამომავლოდ ჟურნალისტთა მიმართ არასათანადო მოპყრობისათვის.

მნიშვნელოვანია ასევე სამართლებრივად შეფასდეს, ვის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება – ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის შესახებ და ზოგადად ეს გადაწყვეტილება რამდენად შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. როგორც აქციის მონაწილეთა განცხადებები ცხადყოფენ, მათ მიერ ტრანსპორტის სავალი გზის ნაწილის გადაკეტვა სწორედ აქციის მონაწილეთა რაოდენობის გამო მოხდა და გადაკეტვა თვითმიზანს არ წარმოადგენდა. საქართველოს კანონის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ მე-111 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტოტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის შესახებ „…გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შეუძლებელია…“ ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობით შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას ცდება და ის მიღებული უნდა ყოფილიყო თბილისის მერიის ან საქართველოს მთავრობის მიერ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შესახებ ინფორმაცია კი საჯაროდ არცერთი დასახელებული უწყებიდან არ გავრცელებულა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, ჩვენ მიერ სათანადო უწყებებიდან გამოთხოვილი იქნება  შესაბამისი ინფორმაცია, რომლის ანალიზიც საბოლოო სამართლებრივი შეფასების გაკეთების საშუალებას მოგვცემს.