სიახლეები

09
ივლისი2021

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ მეოთხე ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებულები

GDI-ის მიერ ორგანიზებული „სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ (civiceducation.ge)  ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე სალომე გაფრინდაშვილი, მეორე ადგილზე გავიდა გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის 182-ე საშუალო სკოლის IX კლასის მოსწავლე მარიამ შარმაზანაშვილი,  მესამე ადგილზე კი  დმანისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე სალომე აბულაძე.

ოლიმპიადის წესების თანახმად პერსონალური კომპიუტერი გადაეცა ჯილდოდ ოლიმპიადის პირველ ტურში პირველ ადგილზე გასული მოსწავლის მასწავლებელს, კერძოდ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, კლარა დვალიშვილს.

პრიზი - პერსონალური კომპიუტერი სალომე აბულაძეს კაზრეთში  გადავეცით, ხოლო სალომე გაფრინდაშვილი, მარიამ შარმაზანაშვილი და წეროვანის #3 საჯარო სკოლის მასწავლებელი კლარა დვალიშვილი  ოფისში გვესტუმრნენ და პრიზები მათ გადასცეს GDI-ის  თავმჯდომარემ ედუარდ მარიკაშვილმა,  სამოქალაქო განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო ერემაშვილმა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამების ხელმძღვანელმა მარი კაპანაძემ.

სერტიფიკატები და სხვა საჩუქრები  მიიღეს  მე-4 - მე-10 ადგილზე გასულმა მოსწავლეებმა. გამარჯვებულ ათეულში იყვნენ, ქუთაისის, ცაგერის, მცხეთის და დმანისის  მუნიციპალიტეტების სკოლების  VII-XI კლასის მოსწავლეები. ოლიმპიადაში მონაწილეობა კი მიიღო 1111 - მა მოსწავლემ.

2020-2021 სასწავლო წლების ოლიმპიადა გაიმართა პროექტის „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და გენდერული თანასწორობის წახალისება სამოქალაქო განათლების გზით“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება RFSU- სა და SIDA-ს დაფინანსებით.

GDI-მ civiceducation.ge 2016 წელს შექმნა და 2018 წელს დაამატა ვებ-რესურსის სომხური და აზერბაიჯანული ვერსიები, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. ამჟამად GDI აგრძელებს ვებ - გვერდის განვითარებას, რომელსაც უკვე 19 000 - ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.