სიახლეები

01
თებერვალი2013

შენიშვნები და მოსაზრებები საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით


ორგანიზაციამ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები გაუგზავნა.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ მიიჩნევს, რომ ინიცირებული კანონპროექტი „კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ არა თუ ამცირებს პოლიტიკური კრიზისის წარმოშობის რისკებს, არამედ პირიქით: ცვლილებების წარმოდგენილი რედაქციით  მიღება მოშლის კონსტიტუციაში არსებული პოლიტიკური კრიზისის აცილების დღეს არსებულ ფორმულასაც, რასაც შეუძლია პროცესები სამართლებრივ ჩიხში შეიყვანოს, მათ შორის, სახელმწიფო ერთდროულად საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების გარეშე დატოვოს.

ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, პრეზიდენტს კვლავ ექნება უფლება, უპირობოდ გადააყენოს მთავრობა. ამავდროულად, ის არ იქნება ვალდებული, მოვალეობათა შესრულება დააკისროს გადაყენებულ მთავრობას, რაც წინააღმდეგობაში მოდის კანონპროექტის ერთ-ერთ ძირითად მიზანთან: „ახალი პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის შექმნამდე, მთავრობის მოვალეობის შესრულებას აგრძელებს გადაყენებული მთავრობა.“

პრეზიდენტი, მთავრობის გადაყენების შემთხვევაში, უფლებამოსილი იქნება პარლამენტს ნდობის მისაღებად წარუდგინოს მთავრობის ახალი შემადგენლობა. თუ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღებს პარლამენტის ნდობას,  ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტი ვალდებული ხდება 3 დღის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, მათ შორის, საკუთარი უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვეშიც.

კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქცია, პრეზიდენტს ართმევს საშუალებას პარლამენტი დაითხოვოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების ჩატარებიდან 6 თვის ან საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში. შესაბამისად, ცვლილებების შემდეგ პრეზიდენტს ენიჭება უფლებამოსილება, პარლამენტი დაითხოვოს ორივე ზემოხსენებულ შემთხვევაში. მიგვაჩნია რომ მსგავსი ცვლილება ეწინააღმდეგაბა კანონპროექტის ზოგად მიზნებს, შესუსტდეს პრეზიდენტის როლი აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოზე გავლენის კუთხით.

გარდა ამისა, „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას“ მნიშვნელოვნად მიაჩნია, საქართველოს პარლამენტმა  მხედველობაში მიიღოს  მოქმედი ნორმის ბუნდოვანება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან ხსენებული ნორმით ხდება უფლებამოსილების ბოლო 6 თვის ვადის გამოთვლა.

წარმოდგენილი ცვლილებების მიღების შემთხვევაში, პრემიერ მინისტრი და მთავრობა საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას ვერ შეძლებენ პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების გარეშე, ხოლო პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობის გარეშე ვეღარ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას. შესაბამისად წარმოიქმნება სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტს, ცვლილებების შედეგად დაკისრებული ვალდებულების გამო, უკვე დათხოვნილი ჰყავს საკანონმდებლო ორგანო და ამავდროულად ის ვერ ახერხებს მთავრობის დაკომპლექტებას ახალი პარლამენტის არჩევამდე.

მოვლენათა ამ კუთხით განვითარების შემთხვევაში, შემოთავაზებული ნორმატიული რეალობა გარდაუვალს გახდის პოლიტიკური კრიზისის წარმოშობას, ხოლო სახელმწიფო,  როგორც უკვე აღინიშნა, ერთდროულად დარჩება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების გარეშე.

ზემოაღნიშნული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ თხოვნით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს, კანონპროექტის განხილვისას მხედველობაში მიიღოს ორგანიზაციის ხედვა და ის ხელმისაწვდომი გახადოს პარლამენტის სხვა წევრთათვის.