კომუნიკაციების კომისია აგრძელებს მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას

2022 წლის 23 აგვისტოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  დააკმაყოფილა მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მოთხოვნა კამპანია “შინ ევროპისკენ” კლიპის ეთერში განთავსების გამო სამართალდამრღვევად  გამოცხადებულიყო  სამი კრიტიკული მაუწყებელი- “ფორმულა”, “მთავარი არხი” და “ტელეკომპანია პირველი. კომისიამ ტელეკომპანია პირველისა და "ფორმულას" წინააღმდეგ სანქციის სახით "გაფრთხილება" გამოიყენა, ხოლო "მთავარი არხი" 118 700 ლარით დააჯარიმა.

 

სადავო რგოლი მაუწყებლების ეთერში 24 ივნისის პროდასავლური და ანტირუსული აქციის ანონსის სახით გადაიცა. “ქართული ოცნების“  შეფასებით, რომელიც კომისიამაც გაიზიარა, 2022 წლის 23-25 ივნისს გავრცელებული მასალა წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა, ემსახურება “ქართული ოცნების” მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებების გაღვივებას საზოგადოებაში და მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში არჩევისათვის ხელის შეშლას.  ამდენად, „ქართული ოცნება“ არც მალავს, რომ მისი მიზანია კომისიაში წარმოების გზით შეზღუდოს პარტიის მიმართ უარყოფითი მესიჯების გავრცელება საზოგადოებაში, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაშია დემოკრატიის საბაზისო პრინციპებთან.

 

სამწუხაროდ, კომუნიკაციების კომისიამ მსგავსად მისი წინარე პრაქტიკისა, არც ამ შემთხვევაში გაითვალისწინა მაუწყებლების სამართლებრივად დასაბუთებული პოზიცია და ის საფრთხეები, რაც თან ახლავს მედიის თავისუფლების უკანონო, დაუსაბუთებელ შეზღუდვას. მეტიც 2022 წლის 16 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ის არსებული სტანდარტების საწინააღმდეგოდ, იმის თქმასაც არ ერიდება, რომ რეკლამის კანონიერების საკითხი შემხებლობაში არაა გამოხატვის თავისუფლებასთან. 

 

კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობას მიუთითებს შემდეგი გარემოებები:

 

კომისიამ საკითხი განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ამ საკითხის მომწესრიგებელი რეგულირება კანონმდებლობაში არ არსებობს. შესაბამისად, კომისიას არ გააჩნია არც იმის მანდატი წინასაარჩევნო პერიოდის მიღმა, შეაფასოს პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხი, ვინაიდან თავად პოლიტიკური რეკლამა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდით არის შემოფარგლული. შედეგად, კომისია გასცდა საკუთარ უფლებამოსილებას და შეითავსა საქართველოს პარლამენტის, ნორმაშემოქმედის ფუნქცია;

 

თუნდაც დავუშვათ რომ, კომისიას აქვს უფლებამოსილება შეაფასოს და გადაწყვიტოს პოლიტიკური რეკლამის მაუწყებლის ეთერში (არაწინასაარჩევნო პერიოდში) განთავსების საკითხი, კომისია არ ხელმძღვანელობს კანონმდებლობაში არსებული დეფინიციებით, რომელიც პოლიტიკური და სოციალური რეკლამების განსამარტად არის მოცემული. შედეგად, დაუსაბუთებელია სადავო ვიდეო რგოლის პოლიტიკურ რეკლამად მიჩნევის საკითხი, მაშინ როდესაც ვიდეო არ აკმაყოფილებს პოლიტიკური რეკლამისთვის კანონში მოცემულ შესაბამის წინაპირობებს;

 

მიუხედავად იმისა, რომ სადავოდ ქცეული ვიდეორგოლები მიემართებოდა საჯარო დისკუსიის შემადგენელი საკითხის გარშემო (კერძოდ ევროკავშირში ინტერგაციას და მასთან დაკავშირებით დაანონსებულ აქციას) საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, კომისიამ სადავოდ ქცეული ვიდეორგოლები არ დააკვალიფიცირა "სოციალურ რეკლამად";

 

კომისიის გადაწყვეტილება ფაქტობრივად ეფუძნება "ქართული ოცნების", "სამომავლო საარჩევნო სუბიექტად" დაკვალიფიცირებას, რაც გონივრულობის ფარგლებს მოკლებულია, ვინაიდან კანონმდებლობა არ სცნობს "სამომავლო საარჩევნო სუბიექტის" ცნებას. წინასაარჩევნო პერიოდის მიღმა კი „საარჩევნო სუბიექტი“ არ არსებობს და შეუძლებელია დღეს იმის თქმა, რამდენად იქნება საერთოდ „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი საარჩევნო სუბიექტად ორი წლის შემდეგ, ან რამდენად იქნებიან ვიდეორგოლში ასახული პირები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმ მომენტისათვის.

 

ამასთან, კომისია, "ქართული ოცნების" მსგავსად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ მიჯნავს აღნიშნულ პირთა პარტიული მიკუთვნებლობისგან. შედეგად, დაუსაბუთებელია, რატომ უნდა მივიჩნიოთ „ქართული ოცნება“ დაინტერესებულ პირად, მაშინ როდესაც ვიდეორგოლში არა უბრალოდ პარტიის წევრები, არამედ პოლიტიკური/სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირები ფიგურირებენ, რომლებიც განცხადებებს სწორედ სახელმწიფოს სახელით აკეთებდნენ.

 

კომისიამ არც ევროსასამართლის ზოგადი სტანდარტი გაითვალისწინა, რომლის თანახმადაც, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისას, მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული ის, თუ რამდენად შეაქვს საჯარო დისკუსიაში წვლილი სადავო გამოხატვას და რა უფრო მნიშვნელოვანი სიკეთეა: კონკრეტული პარტიის პირადი მისწრაფებები- გადაჭრას ყველა გზა მისი კრიტიკისათვის საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თუ არსებობდეს სოციალური შინაარსის მატარებელი ვიდეორგოლების გავრცელების შესაძლებლობა, რომლის უმთავრესი მიზანი ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშეწყობაა.

 

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ კომისიის  თვითნებური და სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების დისციპლინირებას მიემართება. კომისია  არაგანჭვრეტადი სამართლებრივი წესის საფუძველზე, გაუმართლებლად ლახავს  გამოხატვის თავისუფლებით დაცულ უფლებრივ სფეროს და ძირს უთხრის მედიაპლურალიზმს, რაც მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

 

განხილულ საქმეზე GDI ტელეკომპანია „ფორმულას“ ინეტერსებს იცავს. საქმეს GDI, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.